რამდენია ყავის ერთჯერადი და დღიური დოზა?
ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოზრდილმა ადამიანმა ერთჯერადად შეიძლება მიიღოს 200 მილიგრამი კოფეინი (დაახლოებით ორი ჭიქა), ხოლო დღიური მაქსიმალური დოზა 400 მილიგრამია (დაახლოებით ოთხი ჭიქა). აღნიშნული გათვლილია სრულიად ჯანმრთელ ადამიანებზე, თუმცა მათთვის, ვისაც სხვადასხვა დაავადებები აწუხებს, აუცილებელია შესაბამისი შეზღუდვების გათვალისწინება. კერძოდ, მაღალი წნევის მქონე პირებმა აუცილებელია ყავის დღიური დოზა ექიმთან შეათანხმონ, ამასთან, სასურველია ყავის კონცენტრაცია დაბალი იყოს სითხეში, თუნდაც მხოლოდ ფერის მისაცემად გამოიყენოთ ყავა. დიდი ოდენობით ყავისა და ზოგადად კოფეინის მიღება სერიოზულ ზიანს აყენებს გულს.
როგორი ყავა უნდა მიირთვათ, რომ კუჭი არ დაიზიანოთ?
ზოგიერთ ადამიანში ყავამ შესაძლოა კუჭის პრობლემები გამოიწვის. ამის თავიდან ასაცილებლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ ყავის მოხალვის დონეს. რაც უფრო დამწვარია ყავის მარცვლები, მით უფრო საზიანოა ის. თუ თავად აკეთებთ ამას, მარცვლები მოხალეთ დიდი ხნის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე. კუჭის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ასევე ყავის უზმოზე დალევამ.
გარდა ამისა, იმისათვის, რომ ყავამ არ გაგასუქოთ, ნუ მიაყოლებთ მას შოკოლადს და ნუ გააზავებთ სასმელს ნაღებითა და რძით. თავად ყავა ფაქტიურად არ შეიცავს კალორიებს. თუ ნაკლებ შაქარსაც მოიხმართ ან საერთოდ უშაქრო ყავას შეეგუებით, მთლად უკეთესი.
როდის უნდა მიირთვათ ყავა?
დიდი უმრავლესობა ყავას გაღვიძებისთანავე მიირთმევს, რაც არასწორია, იმიტომ, რომ ორგანიზმის შეფხიზლებისას სხეული გამოიმუშავებს სტიმულატორ ჰორმონ კორტიზოლს. როცა ყავას მივირთმევთ, ამით ჰორმონის ჭარბი ფორმირება ხდება და სხეული ისტრესება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნორმალური გრაფიკის მქონე ადამიანისათვის ყავის მისართმევად საუკეთესო დროებია: დილით – 9:30-დან 11:30 სთ-მდე და შუადღით – 13:30-დან 17:00 საათამდე.