,,ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ფიგურის არსებობა, ეწინააღმდეგება დემოკრატიის ევროპულ გაგებას“, _ ამის შესახებ ,,ამერიკის ხმასთან“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების და მედიაციის შედეგების შეფასებისას, ევროპარლამენტისა და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრმა ლიეტუვიდან, ამ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნევიჩიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პირობებში, ოპოზიცია გამოცხადებულია, როგორც მტერი.
,,ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ფიგურის არსებობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ევროპულ გაგებას. დემოკრატია ჩვენ გვესმის, როგორც სახელმწიფოს ისე მოწყობა, სადაც მაგალითად, ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იქნება ეს დღევანდელი ოპოზიცია თუ “ქართული ოცნების” ოპოზიცია მომავალში და არჩევნების მოგება სულაც არ ნიშნავს ყველაფრის შენს სასარგებლოდ მართვას. ოპოზიციას დიდი როლი ეკისრება დემოკრატიაში, ამიტომაც არის ასეთი ტერმინი დიდ ბრიტანეთში: “მისი უდიდებულესობა დედოფლის ოპოზიცია”, ან “მისი უდიდებულესობა დედოფლის მთავრობა.” გაგება ასეთია: ორივე ძალა ან თუ გნებავთ ფრთა, ძალიან მნიშვნელოვანია. როცა არჩევნებს იგებ, შემდეგ აკეთებ ყველაფერს, რათა ოპოზიცია ჩართო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, და აღჭურვო ის შესატყვისი ინსტრუმენტებით ქვეყნის ეფექტურობის მიზნით. საქართველოში კი, “ქართული ოცნების” პირობებში, ოპოზიცია გამოცხადებულია, როგორც მტერი. იგივე ტენდენციას ვხედავ რუსეთში, მთავრობის მხრიდან, თუმცა უფრო მტრულ და აგრესიულ ჭრილში და არ ვისურვებდი, რომ საქართველო ანალოგიურ გზას დაადგეს. ეს ძალიან ცუდი იქნება და ველი, რომ ის ახალგაზრდა, ბრწყინვალე არაერთი ლიდერი “ქართული ოცნების” შიგნით, გამოიჩენს სიმხნევეს და იზრუნებს ამ, ან თუნდაც სხვა პარტიების შესაცვლელად. ევროპელი უნდა იყო შენი წესებით, ღირებულებებით, მოქცევის სტილით.“ – ამბობს ევროპარლამენტარი.
ჟურნალისტის კითხვაზე: საქართველოში მიმდინარე მოვლენები, როგორ იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე? ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენი აცხადებს, რომ არსებული მეგობრები იმედგაცრუებულები ან გულმოსულები არიან, ძალიან ძნელია ქონდეს მეტი არგუმენტი ან ინსტრუმენტი იმის საჩვენებლად, რომ საქართველო დემოკრატიული პროცესების ლიდერია და ის იმსახურებს წევრობას ყველა მოწინავე ერთობასა და ორგანიზაციაში.
,,გულწრფელად გეტყვით, რომ ევროპელების დიდი ნაწილი, თუნდაც ევროპარლამენტარები, საქართველოზე გამუდმებით არ ფიქრობენ. რა თქმა უნდა, საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს ევროპარლამენტში, სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა თუ სახალხო პარტიის და ლიბერალების წრეებში. მაგრამ, ეს არ არის არსებული პოლიტიკური წრეების სრული უმრავლესობა.
ამიტომაც, საქართველოს მეტი მეგობარი და მეტი გულშემატკივარი სჭირდება. მაგრამ მაშინ, როცა არსებული მეგობრები იმედგაცრუებულები ან გულმოსულები ვართ, ჩვენთვის ძალიან ძნელია გვქონდეს მეტი არგუმენტი ან ინსტრუმენტი იმის საჩვენებლად, რომ საქართველო დემოკრატიული პროცესების ლიდერია და ის იმსახურებს წევრობას ყველა მოწინავე ერთობასა და ორგანიზაციაში. შესაბამისად, საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენები ვნებს მისი მეგობრების უნარს და კიდევ უფრო ართულებს მათ ძალისხმევას მხარი დაუჭირონ მის მისწრაფებებს და შემოიკრიბონ საქართველოს მეტი მეგობარი. ამდენად, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველო, ევროპული გადაწყვეტილებების დღის წესრიგის ცენტრში არ არის და რომ ქვეყანას ბევრი აქვს გასაკეთებელი ამ ადგილის მოსაპოვებლად.“ – განაცხადა რასა იუკნევიჩიენმა
ასევე, ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ ხედავს მომავალში ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წარმატებაში?
მისი თქმით, ლიეტუვაში სურთ საქართველოს წარმატება და უნდათ, რომ პოლიტიკოსებმა ფუჭად არ ფლანგონ დრო.
,,ლიეტუვაში არამარტო პოლიტიკოსებს, არამედ ხალხს ძალიან უყვარს საქართველო. ეს, ადამიანებს შორის სიახლოვეზე მეტყველებს. გახსოვთ ალბათ, როგორ ადვილად შევძელით “გრუზიას” ნაცვლად, “საქართველოს” სახელის დაწესება. დღეს, შესაძლოა ეს ზოგს კვლავ შეეშალოს ლიეტუვაში, მაგრამ შეცდომას იქვე გაუსწორებენ ამ ადამიანს. ბევრისთვის ეს, უბრალოდ სიახლე იყო. ამიტომაც, ლიეტუვაში სურთ საქართველოს წარმატება და გვინდა პოლიტიკოსებმა ფუჭად არ ფლანგონ დრო, ის, რასაც განსაკუთრებით, მმართველი ქართული ოცნების პარტია აკეთებს.“ – ამბობს რასა იუკნევიჩიენი.
ასევე ჟურნალისტის კითხვაზე, რა განცხადებები გადაეცა პრემიერ ღარიბაშვილს ბრიუსელში, ამ კვირაში ვიზიტისას? ევროპარლამენტარი ამბობს:
,,პირადად მე არ შევხვედრილვარ ქართველ პრემიერს, თუმცა ვიცი მისი ვიზიტის და სრულად, იმ მესიჯების შესახებ, რომელიც მან მიიღო, განსაკუთრებით ნატოს გენერალური მდივნისგან. ევროპელი ლიდერები ძალიან დიპლომატიური ენით და მიდგომებით გამოირჩევიან, თუმცა, ნატოს გენერალური მდივანი ძალიან ღია და პირდაპირი იყო. ბატონ ღარიბაშვილს, გამოცდილი პოლიტიკოსობა სულაც არ სჭირდება იმისთვის, რომ გაიაზროს ის პირდაპირი შეგონება, რომ მმართველი პარტიის მოვალეობაა დაჯდეს ოპოზიციასთან. თუ პრემიერმა ეს სხვაგვარად აღიქვა, მას, ალბათ, არ ჰყოფნის გამოცდილება, მაგრამ სათქმელი ღიად და მკაფიოდ გადაეცა, რომ მისი პასუხისმგებლობა აქ ძალიან დიდია.“ – თქვა ევროაპარლამენტარმა.