საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ავსტრიელ მოსამართლეს, ევროკავშირის პროექტის ,,სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” ხელმძღვანელს და გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს რენატე ვინტერს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოში მართმსაჯულების სისტემის რეფორმის პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერისა და სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობისთვის საკანონმდებლო კუთხით საჭირო დახმარების საკითხები. საუბარი გაიმართა როგორც იუსტიციის სკოლის გაძლიერებაზე, ასევე, სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპის შემდეგ იმპლემენტაციის პროცესზე.
მხარეებმა დაგეგმეს შემდეგი შეხვედრები, მათ შორის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში შესაძლებელია ევროკავშირის ექსპერტიც ჩაერთოს.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდემ განაცხადა, განხილული იყო, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებიც.
„ძალიან საინტერესო საუბარი შედგა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ, რომ მოხდეს, ერთის მხრივ, მოკლევადიან ეტაპზე იმ ცვლილებების მომზადება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს და მოსამართლეების უვადო დანიშვნას ეხება. მეორე მხრივ, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რაც ფართო დაკვირვებას და შემდეგ დასაგეგმ ღონისძიებებს ეხება”,_აღნიშნა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი გაიმართა მართმსაჯულების სტარატეგიაზეც, რომელიც მუშავდება უზენაეს სასამართლოსთან ერთად ევროკავშრის, GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით.