„რეალ მადრიდის“ მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, „ლივერპულს“ აფრთხილებს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ისე ძლიერ სურს, როგორც არასდროს. ამის შესახებ ზიდანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ თამაშისთვის. როგორ შეუძლია ვინმეს იფიქროს, რომ ჩვენს კონკურენტზე ნაკლებად გვსურს გამარჯვება? ეს არ არის სიმართლე. მათ დიდებული სეზონი ჰქონდათ და ნებისმიერ წამს შეუძლიათ სახიფათო მომენტის შექმნა. არ არსებობს სიურპრიზები და ორივე გუნდი კარგად იცნობს ერთმანეთს.
„ლივერპული“ კარგი გუნდია. ისინი ფინალამდე მოვიდნენ, თუმცა 11 წელია ფინალში არ უთამაშიათ. ჩვენ გვსურს, რომ დიდებული მატჩი ჩავატაროთ და დავანახოთ, რომ მოგება გვსურს. უნდა მოვემზადოთ სათამაშოდ და ჩვენი მოწინააღმდეგეს ხარვეზები გავითვალისწინოთ. ეს ერთი მატჩია და ორივე ჩვენგანი სახლიდან შორს თამაშობს. ფინალია და ორივეს თასის მოგება გვსურს“,_განაცხადა ზიდანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მწვრთნელობაზე ადვილი ფეხბურთის თამაში იყო, თუმცა, გამოცდილება ეხმარება გაიგოს რას ფიქრობენ მოთამაშეები, რაც მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია.
„17-18 წელი მოთამაშედ გავატარე, ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია. ძალიან კარგად ვიცი, როგორ ფიქრობენ ფეხბურთელები და ეს მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია. ტაქტიკურად არ ვარ საუკეთესო მწვრთნელი, ამას პრესაც ამბობს, მაგრამ მაქვს სწრაფვა და ვნება, რაც ბევრს ნიშნავს. ჩემთვის გაცილებით ადვილი თამაში იყო. თქვენ ყველამ იცით რას ვაკეთებდი კარგად და რას ცუდად. ფეხბურთის მიმართ ძალიან მგრძნობიარე ვარ.
ახლა არ ვასახელებ ვინ ითამაშებს, რადგან ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფეხბურთელს. მე მოთამაშეების წარმოუდგენელი ჯგუფი მყავს, ისინი მუშაობენ ბეჯითად და აქვთ იშვიათი ნიჭი“,_განაცხადა ზიდანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოსახვედრად გზა საკმაოდ რთული იყო და ახლა რამდენიმე დღე რჩება გადამწყვეტი მატჩისთვის მოსამზადებლად.
ის ასევე აღნიშნავს, რომ რეალ-მადრიდს ყოველთვის მეტი სურს და საამისოდ ყველაფერს გასცემს.
აღსანიშნავია, ჩემპიონთა ლიგა 22 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული, „რეალ მადრიდი“ კი ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია. მან
12-ჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ 2-ჯერ, 2016-2017 წლებში გახდა.
როგორც ცნობილია, საფეხბურთო მატჩი „რეალ მადრიდს“ და „ლივერპულს“ შორის კიევში, 26 მაისს გაიმართება.