ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში „დიდი შერიგებიდან“ ერთი კვირა გავიდა.
დღეს, მუსლიმთა სალოცავში პირველი ლოცვა ჩატარდა.
„გურია ნიუსის“ გადამღები ჯგუფი სოფელ ბუკნარში იმყოფებოდა. ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, როგორ გრძელდება ცხოვრება სოფელში მომხდარი დაპირისპირების და „დიდი შერიგების“ შემდეგ.
მუსლიმი მრევლი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში მოსახლეობა მშვიდად ცხოვრებას აგრძელებს და დაპირისპირებას ადგილი აღარ აქვს.
შემდეგ სოფლის ცენტრში ვცადეთ გავსაუბრებოდით რამდენიმე მოსახლეს, მაგრამ უშედეგოდ _ მათ ჩვენთან კომენტარი არ გააკეთეს.
მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქვენობანში, დავით კვაჭანტირაძე სოფელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბრისას შემდეგ კომენტარს აკეთებს:
„სოფელში სიმშვიდეა. უკვე ძველი მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან, ერთად ქეიფობენ, ერთმანეთს ხელს ართმევენ. მშვიდდება და წყნარდება სოფელი“.