კოვიდპანდემიამ 2020 წელს მთელი მსოფლიო მოიცვა. პანდემიამ დააზარალა ყველა სფერო: ბიზნესი, განათლება, კულტურა… უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, დაიკეტა რესტორნები, კაფე-ბარები, სასტუმროები, თეატრები. ამ ყველაფერმა, საწყის ეტაპზე, ბევრი პრობლემა შექმნა. ლარმა ინფლაცია განაგრძო, საწვავის ფასმა მოიმატა, გაიზარდა წამლების ფასი, გაძვირდა პროდუქტები, მაგალითად, “საქსტატის” მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ზეთის ფასი, საშუალოდ, 4.38 ლარს შეადგენდა, 2021 წლის ივნისში კი ზეთის საშუალო ღირებულება 8.81 ლარს გაუტოლდა.
კითხვაზე _ როგორ შეცვალა პანდემიამ თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა, გამოკითხული 21 ადამიანიდან 8 მიიჩნევს, რომ გაუარესდა, 3 ფიქრობს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 10 თვლის, რომ არ შეცვლილა.
ერთ-ერთმა რესპონდენტმა, თამთა ცერცვაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას თქვა, რომ მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
_ რა თქმა უნდა, გაუარესდა.
_ რამ გამოიწვია თქვენი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება?
_ მამაჩემი კერძოდ მუშაობს, დედაჩემი ფაბრიკაში მუშაობს. თავიდან კოვიდი რომ დაიწყო ერთი წელი არანაირი გავლენა არ მოუხდენია ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე კოვიდ ვითარებას. მერე დედაჩემის სამსახური დახურეს, ამას დაერთო ისიც, რომ ჩემს მშობლებს კოვიდი დაემართათ. მე თბილისში, ეს იყო დიდი ჩავარდნა.
_ ახლაც იგივე მდგომარეობა გაქვთ?
_ ახლა მამაც მუშაობს და დედაც, თუმცა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი, ფასების მატება პროდუქტზე და ამასთანავე, გაძვირებული კომუნალურები, თავისთავად, ახდენს გავლენას გასავალზე, რაც თითქმის ოჯახის შემოსავალს უტოლდება, _ თქვა ცერცვაძემ.
“გურია ნიუსის” მეორე რესპონდენტმა, მარიამ კაკაბაძემ თქვა, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
_ მარიამ, როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
_ პირადად ჩემი, გაუმჯობესდა.
_ რა ფაქტორებმა მოახდინეს ზეგავლენა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლაზე?
_ პანდემიის გამო დისტანციურად ვსწავლობთ, ამან საშუალება მომცა სამსახური დამეწყო. პირადად ჩემი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, _ აღნიშნა კაკაბაძემ.