სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტს ადასტურებენ ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურში.
მათი თქმით, ნათია ჯულაყიძემ სახალხო დამცველის მოადგილის პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.
ცნობისთვის, ნათია ჯულაყიძე ომბუდსმენის მოადგილედ აპრილში დაინიშნა. იგი იოსელიანის ყოფილი თანაგუნდელის, ალეკო ელისაშვილის დისშვილი და მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორია. პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ბავშვობის მეგობრები არიან.
ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას უწევდა კოორდინაციასა და ზედამხედველობას.