საქართველოდან 2024 წელს უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე გააძევეს, ეს კი 91%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2023 წელს ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 190 მოქალაქე გაუშვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
შსს-ს მიხედვით, ამათგან ყველაზე მეტი გაძევებული მოქალაქე, კერძოდ, 19.5% აზერბაიჯანზე მოდის, შემდეგია ირანი და ინდოეთი.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მონაცემებით, საქართველო იძულებით დაატოვებინეს:
- აზერბაიჯანი – 71 მოქალაქე
- ირანი – 54 მოქალაქე
- ინდოეთი – 33 მოქალაქე
- თურქეთი – 31 მოქალაქე
- ნიგერია – 31 მოქალაქე
- ერაყი – 21 მოქალაქე
- რუსეთი – 20 მოქალაქე
- ეგვიპტე – 18 მოქალაქე
- ჩინეთი – 15 მოქალაქე
- იორდანია – 15 მოქალაქე
ასევე, გასულ წელს საქართველოდან გააძევეს თურქმენეთის და პაკისტანის 10-10 მოქალაქე; ლიბიას და შრი ლანკას 4-4 მოქალაქე; ბანგლადეშის 3 მოქალაქე. გარდა ამისა, გააძევეს ავსტრალიის, საუდის არაბეთის, აშშ-ს, სომხეთის და ა.შ. თითო მოქალაქე.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, საქართველოდან ჯამში უცხოეთის 190 მოქალაქე გააძევეს. ამათგან ყველაზე მეტი, 41 მოქალაქე აზერბაიჯანიდან იყო, 32 – ირანიდან, 27 – ინდოეთიდან, 13 – რუსეთიდან, 9 – ნიგერიიდან, 9 – ეგვიპტიდან, 8 – ჩინეთიდან , 8 – თურქეთიდან და ა.შ.