საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ცნობილი ფეხბურთელი ჯორჯ ბესტის წინააღმდეგ თამაში ფრიად საძნელო საქმე გახლდათ. თავის დროზე, ბატონმა რევაზ ძოძუაშვილმა ბესტის თამაშიდან „განეიტრალების“ საქმეს თავი ჩინებულად გაართვა. იმ მატჩების პერიპეტიებს ქართველი ფეხბურთელი შემდეგნაირად იხსენებს:
„საუკეთესო მატჩი? ბევრგან დაწერილა, ხშირად მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ – 1969 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ რომ ჩავატარე, ისაა საუკეთესო. ჯორჯ ბესტი იყო იმ შეხვედრაში ჩემი მეტოქე, მას კი ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება – ლეგენდარული მოთამაშე იყო! სხვათა შორის, მის წინააღმდეგ ჩემი გამწესება ბელფასტში გამგზავრების წინა დღეს გადაწყდა. მაშინ გავრილ კაჩალინი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. დამიბარა და მითხრა, ასე და ასე ვიფიქრეთ და აბა, შენ იციო. იქვე გამაფრთხილა – თუ ამოცანას თავს ვერ გაართმევ, ნაკრების მაისურს ვეღარ ეღირსებიო. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩზე კი, მოსკოვში რომ იყო დანიშნული, ბესტი აღარ ჩამოვიდა. ჩვენ 2:0 მოვიგეთ. მეორე გოლი, თუ სწორად მახსოვს, გივი ნოდიამ გაიტანა.
ბესტის გარდა კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია: იუგოსლავიელ დრაგან ჯაიჩს ვგულისხმობ. ის 60-იანი წლების ვარსკვლავი გახლდათ! თუმცა ალალად ვიტყვი: პირადად მე ბესტსაც და ჯაიჩსაც სლავა მეტრეველი და მიშა მესხი მირჩევნია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: არც ბესტი და არც ჯაიჩი არ იყვნენ მეტრეველზე და მესხზე დიდი ფეხბურთელები! სხვა საქმეა, რომ ისინი ევროპაში თამაშობდნენ, ჩვენები კი საზღვრებჩაკეტილ საბჭოთა კავშირში.
წლების შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში ხუთფუნტიანი ბანკნოტი გამოუშვეს ბესტის გამოსახულებით. ერთი მეც გამომიგზავნეს ბარათით: ღირსეულ მოწინააღმდეგეს, რომელიც სუფთად ეთამაშა ბესტს და შეძლო მისი ნეიტრალიზება.
1972 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით, ორჯერ ვითამაშე დასავლეთგერმანელების წინააღმდეგ: ჯერ მიუნხენის „ოლიმპიაშტადიონის” გახსნის მატჩში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ორივე ძალიან რთული შეხვედრა იყო. ხომ გახსოვთ რა დონის ნაკრები ჰყავდათ გერმანელებს? ბეკენბაუერი, მიულერი, ზეელერი, ბრაიტნერი, მაიერი, შვარცენბეკი, ჰიონესი… სტადიონის გახსნის მატჩში ჩემს წინააღმდეგ კრემერსმა ითამაშა. იმხანად ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. ფეხი არ გავანძრევინე!
ევრო 72-ის შემდეგ, სადაც ფინალში დავმარცხდით, მე და მურთაზ ხურცილავა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაგვასახელეს! როგორია? ფინალი წავაგეთ, მაგრამ ცენტრალური მცველები სიმბოლურში მოვხვდით? იმ დროს როცა ვიხსენებ, გული სიამაყით მესვება“.