ბატონი ზურაბ ქაფიანიძე ერთ ისტორიას ხშირად იგონებდა:
„როცა კინოსტუდიის ბიჭებს ფული არ გვქონდა, იპოლიტე რომ შემოვიდოდა ეზოში, თვალით მანიშნებდნენ, მიდიო. მეც მივეპარებოდი, იპოლიტეს ზურგიდან ხელს შემოვხვევდი, გავაკავებდი, ბიჭები 20-კაპიკიან „პასტას“ ამოუღებდნენ და 25 მანეთად ვუბრუნებდით თავის „პასტას“. ჩვენ ღვინოზე გავრბოდით, იპო გვლოცავდა: „რა უნდა ელაპარაკო ამ ვირებს, ამათა“. ერთხელაც ახალი კინოსტუდიის დიდ ეზოში მივედი, იპოლიტე ხალხში დგას. მე ხელები გავშალე და იპოლიტესკენ მისასალმებლად, მოსახვევად წავედი. იპომ ამოიღო ჩინური, გრძელი ჯაყვა და გამომეკიდა. ორი წრე რომ დავარტყით ეზოს, იპოლიტე მიყვირის:
– შეჩერდი, შე ვირო, დავიღალე!
– რა იყო, იპო, დანით რატომ მომდევ?
– არ მომეკარო და იმიტომ! – თურმე წინა დღით ნასვამს ცოტა მაგრად მომიჭერია ხელი, ნეკნები სტკენია და ეს ჯაყვაც ჩემ გამო ჩაუდია ჯიბეში. შევრიგდით, ჩემს მარანში ჩემი ღვინით და იპოს პურმარილით!“