საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, ჯულია თოდუა მოულოდნელად გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსს” მისი მეგობარი უყვება, ჯულია უეცრად ცუდად გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა, გზაში დაიღუპა.
“საშინელებაა. ჩვენი ჯულია მოულოდნელად გარდაიცვალა.
ორი წელია, რაც საბერძნეთში, ემიგრაციაში იმყოფებოდა. ცუდად გამხდარა, ნათესავისთვის დაურეკავს, მიშველეო.
სამწუხაროდ, ჯულია საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა.
ორ დღეში შვილს ელოდებოდა სტუმრად, ახლა კი დედის გაყინულ ცხედარს მიასვენებენ სახლში”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” მაია ბზგილავა.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის ჩამოასვენებენ გარდაცვლილ ემიგრანტის სამშობლოში.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი 52 წლის იყო და საბერძნეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.
ჯულია თოდუა წარმოშობით სამეგრელოდან იყო.