ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროდან “გურია ნიუსს” ისევ დაუკავშირდნენ _ სოციალური ქსელის მომხმარებელმა ხათუნა ლომთაძემ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის “ჩათში” მოწერა გამომცემლობას. ლომთაძის თქმით, კურორტზე, კონკრეტულად კი, ე.წ. “მოედანზე” 2 დღეა, წყალი არ არის. ლომთაძემ “გურია ნიუსს” ფოტოებიც მოაწოდა.
იგი გვთხოვს, გულთან მივიტანოთ ეს ამბავი და შევატყობინოთ, როდის აღმოიფხვრება პრობლემა.
“ბახმაროში, მოედანზე, 2 დღეა, წყალი არაა, ადმინისტრაცია შაბათ-კვირას ისვენებს, _ ასე გვიპასუხეს. ხალხს მილი გადაუხსნეს და ისე მისცეს ჭუჭყიანი წყალი.
გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ეს პრობლემა. სრული განუკითხაობაა”, _ გვწერს ხათუნა ლომთაძე.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბა ბახმაროში დავით ჟღენტს.
დავით ჟღენტის თქმით, პრობლემა, რომელზეც ლომთაძე გვწერს, დღეს წარმოიშვა და ხვალისთვის უნდა გამოსწორდეს.
“წყალზე დაზიანება გვაქვს, პრობლემა მოძველებულმა სისტემამ გამოიწვია. ვმუშაობთ აღდგენაზე. ხვალიდან უნდა აღდგეს”, _ გვითხრა ჟღენტმა.
რაც შეეხება ბახმაროს ადმინისტარციის უქმე დღეებში დასვენებას, დავით ჟღენტი ამბობს, რომ ასეთი არ არსებობს და კურორტის ადმინისტრაცია ყოველ დღე მუშაობს.
“ადმინისტრაცია ყოველდღე მუშაობს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოქალაქეს ჩვენთან დაკავშირება”, _ გვითხრა დავით ჟღენტმა.
კურორტზე არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ დავით ჟღენტს “გურია ნიუსი” ერთი კვირის წინაც დაუკავშრირდა.
მაშინ ჟღენტმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ კურორტზე უწყლობის პრობლემა ნამდვილად დგას.
“უწყლობის სერიოზული პრობლემაა წელს ბახმაროში. წყლის დებეტი, ფაქტობრივად, არაა. ნალექი არ იყო, 1.20 მეტრი იყო წელს თოვლის საფარის სიმაღლე ბახმაროში. წყლის მოხმარების დონემ მოიმატა _ თითქმის ყველა ოჯახს სახლში აქვს შეყვანილი. გვესმის, წყალია და აუცილებელია ყველასთვის და სჭირდებათ, მაგრამ დებეტი აღარაა. თან მიდიან, აზიანებენ სათავიდან მომავალ მილებს _ მივა ერთი, გადაჭრის, ჩააბმს, მერე მეორე _ ასე დაზიანებულია უამრავ ადგილას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წყალია, სიცოცხლისთვის აუცილებელია, მაგრამ არაა დებეტი.
თან გვალვებია, დამშრალია წყაროები. რომ ივსებოდა ორი 25 ტონიანი ავზი, ახლა ერთი შუამდეც ვერ ივსება.
გაკეთებულია ძალიან დიდი პროექტი და მომავალი წლიდან წყალი და კანალიზაცია კაპიტალურად გაკეთდება. ეს პრობლემაც საბოლოოდ გადაიჭრება, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას დავით ჟღენტმა.