დღეს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციელი არასრულწლოვანს სცემს. პოლიციელმა არასლულწლოვანი ბიჭი, რომელსაც მეტყველებასთან და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ესკალატორიდან ჩამოიყვანა, მანდატურის ოთახში შეიყვანა და სცემა.
თანმხლებმა პირმა, რომელიც ბიჭის მეგობარი იყო, პოლიციელს აუხსნა, რომ მოზარდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა პოლიციამ მისი ნათქვამი არ გაითვალისწინა.
ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში, გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს. მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო”, _ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.