ალბათ გახსოვთ თავის დროზე გახმაურებული სერიალი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“. ამ სურათის მთავარი გმირი ბატონი შტირლიცი ბრძანდებოდა. რუსი მზვერავის როლი მსახიობმა ვიაჩესლავ ტიხონოვმა ითამაშა. გაგიკვირდებათ და შტირლიცის სახე თურმე ქართველ მსახიობს არჩილ გომიაშვილს უნდა განესახიერებინა.
კინომცოდნე ქეთი ჯანელიძე:
– როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა ყვებოდა, მას რომანი ჰქონდა მსახიობ არჩილ გომიაშვილთან. უნდოდა, მთავარ როლზე მისი დამტკიცება, თუმცა მთავრობამ არ მისცა უფლება, საბჭოთა მზვერავის როლი ქართველ მსახიობს ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა როლზე მსახიობები რეჟისორმა პირდაპირ დაამტკიცა, შტირლიცის როლზე ბევრი კანდიდატის სინჯების გადაღება მოუწიათ.
ერთ-ერთ ვარიანტად ინოკენტი სმოკტუნოვსკისაც განიხილავდნენ. სწორედ ეს უარი გახდა მიზეზი ლიოზნოვას და გომიაშვილის რომანის დასასრულისა. ამას დაემთხვა ისიც, რომ იმ პერიოდში გომიაშვილი ოსტაპ ბენდერის როლზეც დაამტკიცეს.
არჩილ გომიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში წერდა, რომ შტირლიცის როლი იულიან სემიონოვმა ჩემთვის დაწერა და ტატიანა (ტატიანა ლიოზნოვა – რეჟისორი), იულიანი და მე ხშირად განვიხილავდით სცენარს. შემდეგ ტიხონოვი „ცეკაში“ წავიდა და განაცხადა, რუსი მზვერავის როლი ქართველმა რატომ უნდა ითამაშოსო. აქ ტატიანა შეშინდა, ვერ დაიცვა თავისი პოზიცია და დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას. მე გაბრაზებულმა დავტოვე ყველაფერი და მერე დიდხანს მეხვეწებოდნენ მიულერის როლი მაინც შეასრულეო…