რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მოადგილე დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე “ოკუპაციის შესახებ კანონპროექტში” შესატანი ცვლილებების მთავარი მომხსენებელია. კანონპროექტის განხილვა უმცირესობის მხრიდან ისევ დროის გაყვანის და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. უმცირესობა ცდილობს კენჭისყრის პროცესამდე მოვლენები გააჭიანუროს. ბრალდება იგივეა _ “ჩრდილოელი მეზობლის უტიფარი დაკვეთა.”
კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე მიმდინარეობს.
“ძალიან ბევრი უსაფუძვლო ცილისმწამებლური ბრალდება მოვისმინე. იმ პარლამენტის წევრების მხრიდან, რომელთაც არ უნდათ ან ვერ იგებენ იმას, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და არავის დაკვეთებს არ ასრულებს. მეორე _ თუ კი რაიმე ტიპის კორელაციებზე ვლაპარაკობთ ვინმეს ინტერესთან, ჩვენ პარლამენტს განვუმარტეთ, წავუკითხეთ და ქართულადაც ვუთარგმნეთ ჩვენი ევროპელი და უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები, რომელიც კანონში ცვლილებების შეტანას ეხება. ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებები არის სრულ თანხმობაში. პარლამენტის ამ წევრებისთვის არც ის აღმოჩნდა საკმარისი, რომ გადავხედეთ იმ პოლიტიკის შედეგებს რომელმაც წლების განმავლობაში არაფერი მოგვიტანა. ასეთი სანქციით, რომელიც იყო გათვალისწინებული ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ციხეში ჩასმით, ჩვენ დევნილებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომით, კონფლიქტი არაფერს არ აძლევთ. მათმა პოლიტიკამ არ გამოიღო შედეგი და არ იყო წარმატებული. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვდგამთ სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე ნაბიჯს, რომელიც ემსახურება სამშვიდობო მიზანს და ეს ნაბიჯი მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველოს იმიჯი გაუმჯობესდეს, ნდობა აღდგეს და გამოსავალი მოიძებნოს იმ ძალიან მძიმე სიტუაციიდან, რაც მემკვიდრებოით მივიღეთ წინა ხელისუფლებისაგან მათი პოლიტიკის წყალობით,”_ განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტში წარდგენილი “ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ შეტანილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, დაპატიმრების ნაცვლად 400 ლარიანი ჯარიმა შეეფარდება ანუ სუბიექტის მიერ პირველად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციულით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ეს ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში კანონის განმეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება ან შეეფარდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.