არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” ორგანიზებით პარლამენტის ყოფილი შენობის წინ 17 მაისს აქციაა დაგეგმილი. ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები აპირებენ მდუმარედ გამოხატონ მათი წინააღმდეგობა დისკრიმინაციისა და ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ.
“არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” 17 მაისს, ამ ადგილზე ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის გამართვას გეგმავს. ჩვენ კი მშვიდობიანი აქცია 16 მაისის საღამოდან დავიწყეთ. პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მთელი ღამის განმავლონაში ვიდგებით, ვილოცებთ და უფალს ვთხოვთ, რომ არ დაუშვას ამ ადგილზე, სადაც ნატაძრალია, სადაც უამრავი წმინდანის და 9 აპრილის მონაწილეთა სისხლია დაიღვრილი, აქცია ჩატარდეს,.
ცოტა ხნის წინ, ამ ადგილიდან ოციოდე მეტრში, ქაშვეთის ტაძარში 3 ვაჟკაცის ცხედარი იყო დასვენებული. რამდენიმე საათში კი “იდენტობა” აქ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის გამართვას გეგმავს… საკუთრ ოჯახებში რაც უნდათ ის აკეთონ, არავინ არაფერს ეუბნებათ, მაგრამ მათი ქმედებები პროპაგანდის, მოწოდების შემცველი არ უნდა იყოს. ეს მიუღებელია,” _ გვითხრა სიონის ტაძრის დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.
სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ისაკაძე აცხადებს, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის არცერთ ქვეყანაში არ უნდა აღინიშნებოდეს.
“არა მარტო ეკლესიური ადამიანები, არამედ ზნეობრივად მოწესრიგებული, არაეკლესიური ადამიანებიც წინააღმდეგნი არიან ამ აღლუმის ჩატარების. თუ კი უმცირესობის უფლებების დაცვაზეა საუბარი, უმრავლესობის ინტერესები რატომ არ უნდა იყოს გათვალისწინებული, როცა 99 პროცენტი ასეთი მსვლლობის წინააღმდეგი ვართ. საკუთარ ოჯახებში რაც უნდათ გააკეთონ. სხვადასხვა დაწესებულებებში შეიკრიბონ და თავიანთ პრობლემებზე ილაპარაკონ, მაგრამ ისეთ საჯარო მსვლელობას, როგორიც 17 მაისს აქვთ დაგეგმილი, როგორც გითხარით, წინ აღვუდგებით,“ – ამბობს სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ისაკაძე.
სასულიერო პირებმა ყოფილი პარლამენტის შენობის წინ სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც გალობით საკრებულოს შენობასთან გადაინაცვლეს. საკრებულოსთან მორიგი სამშვიდობო პარაკლისის ჩატარების შემდეგ კი მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გალობით ისევ იმ ადგილს დაუბრუნდა, საიდანაც მსვლელობა დაიწყეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირებს ხვალ 300-მდე მღვდელმსახური და მათი მრევლი შეუერთდება.
17 მაისის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე გამოხატეს პოზიცია და ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს, რომელშიც ნათქვამია: “17 მაისი მსოფლიოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკისა და სტიგმატიზების წინააღმდეგ პროტესტის ფორმას წარმოადგენს.
… პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები აპირებენ მდუმარედ გამოხატონ მათი წინააღმდეგობა დისკრიმინაციისა და ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. აღნიშნული აქციის საპასუხოდ სხვადასხვა ჯგუფებმა ყოფილი პარლამენტის შენობის მახლობლად დაგეგმეს კონტრდემონსტრაციის გამართვა, რომელიც 17 მაისის აქციას ლგბტ თემის პროპაგანდად, უზნეობად განიხილავს და აპროტესტებს მას.
კონტრდემონსტრანტების მხრიდან დაანონსებულია მასშტაბური მსვლელობის მოწყობა რუსთაველის გამზირზე. აღსანიშნავია, რომ კონტრდემონსტრაციის უფლება ასევე დაცულია ადამიანის უფლებათა სამართლით, თუმცა, არსებითია მან მშვიდობიანი ხასიათი შეინარჩუნოს და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში მოთავსდეს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრდემონსტრაციის ორგანიზატორები მიუთითებენ მათი შეკრების მშვიდობიან ხასიათზე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომელშიც კონტრდემონსტრაციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ ლგბტ აქტივისტებს 17 მაისის აქციის ჩატარების შესაძლებლობას. მეტიც, აღნიშნული განცხადებები ხშირად მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველია…”
წინა წლის სამწუხარო გამოცდილების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ პოლიცია ეფექტურად შეძლებს შეკრების თავისუფლების დაცვას და მის ვალდებულებებს ლგბტ პირების უფლებების დაცვისა და მათი პატივისცემის სულისკვეთებით განახორციელებს. ამ მოლოდინს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული პოზიტიური განცხადებები აძლიერებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, “დაიცვან კანონის მოთხოვნები, შეინარჩუნონ აქციის მშვიდობიანი ხასიათი და ტოლერანტული ქცევა, რაც დემოკრატიული და პლურალური საზოგადოების განვითარების წინაპირობაა”.