საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, დაისახა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
“იაპონიის პარლამენტში არსებობს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტში – იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფი. ამ ჯგუფებს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგისთვის. მე მათ შევხვდი საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკაზე სასაუბროდ. გავაცანი ჩვენი რეფორმები. გარდა ამისა, ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. იაპონელი პარლამენტარების მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ეკონომიკის, ენერგეტიკის თემებმა. მათ რასაკვირველია აინტერესებდათ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები. ჩვენი შეხვედრა ძირითადად ამ საკითხებს შეეხო და ჩვენ მათ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხების შესახებ. რასაკვირველია მე ეს ჯგუფი მოვიპატიჟე საქართველოში და მათაც გამოხატეს საქართველოში ჩამოსვლის ინტერესი”, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაია ფანჯიკიძემ იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის სასაკავას მშვიდობის ფონდის (Sasakawa Peace Foundation) აღმასრულებელ დირექტორთან ქ-ნ ჯუნკო ჩანოსთან.
ფონდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წაიკითხა ლექცია. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ.