ამ თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებისა და სხვადასხვა ტექნიკის გამოფენას მოაწყობს. შსს-ს ღონისძიებები თბილისის სამ რაიონში გაიმართება: რუსთაველის გამზირზე, გლდანისა და ვარკეთილის პარკებში.
რუსთაველის გამზირზე, „იმელი”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს 13 დასახელების, მათ შორის, საბრძოლო დანიშნულების მანქანას გამოიყვანს. ტენტით გადახურულ საგამოფენო სტენდზე ასევე წარმოდგენილი იქნება შსს-ს მყვინთავების, მეხანძრეებისა და ქიმიკოსებისთვის განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის გასართობ პარკში ბავშვებისთვის მოაწყობს ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც, სპეციალურად ამ დღისთვის, პარკის გარკვეულ ტერიტორიაზე მოეწყობა იმიტირებული სამანქანო გზა საგზაო ნიშნებით, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ კვადროციკლებით და აითვისონ საგზაო მოძრაობის წესები. სწორად მოძრაობაში მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაეხმარებიან.
გლდანის პარკის გარე პერიმეტრზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა განთავსდება, ხოლო ვარკეთილის პარკში, პოლიციის განყოფილების ავტოსადგომის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა, მათ შორის, ჯავშანმანქანა „კობრა”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება: თბილისი, მცხეთა, დუშეთი, გორი, რუსთავი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, სიღნაღი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი, მესტია, ცაგერი, ამბროლაური.
ღონისძიებები ყველა ქალაქში 12:00 საათზე ერთდროულად დაიწყება და 21:30 საათზე საქართველოს ჰიმნითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.