ზუგდიდის ცენტრალურ პარკში “მარწყვის ფესტივალი” გაიმართა. ფესტივალი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა, სტეფან ჰეიკინმა გახსნა.
ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ხილკენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციის წარმომადგენლი ნანა ფიფია იყო. როგორც მან აღნიშნა, მისი მიზანია ხილკენკროვან კულტურათა განვითარების ხელშეწყობა და მსგავსი ფესტივალების ჩატარების ტრადიციად ქცევა.
ფესტივალს ესწრებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი პავლე მგელაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სამინისტრო დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სასათბურე მეურნეობის გაკეთებისა და მეურნეობის წარმოების სურვილი გაუჩნდება.
დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის ფარგლებში გაცემულია დაახლოებით 195 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების გრანტი, რომელიც მიმართულია ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციაპლიტეტების შერჩეულ თემებში მარწყვის 10 სადემონტრაციო ნაკვეთის და 11 ბოსტნეულის სათბურის შექმნაზე.
ფესტივალზე სხვადასხვა ქალაქიდან უამრავი სტუმარი ჩავიდა. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. აქ მყოფ ადამიანებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ მარწყვის ჟელეები, ნამცხვრები, ტორტები, მარწყვისა და არაჟნის სუფლეები, შოკოლადიანი მარწყვი და სხვადასხვა ნაწარმი. ფესტივალის კულმინაცია იყო 6 მეტრიანი მარწყვის ტორტი, რომლის გამოცხობაში 37 მზარეული მონაწილეობდა.
მოეწყო სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი ბავშვთა ნახატების გამოფენა.