როგორც მოსახლეობა ამბობს, მდინარეზე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია:
_ მდინარეზე ვერავინ გადის. იმ ადამიანებისთვის კი, ვინც მდინარის ახლოს ცხოვრობს, ყოფა გაუსაძლისი გახდა. ყოველ დღე, ათეულობით ღორს ყრიან მდინარეში. ვის არ მივმართეთ, მაგრამ რეაგირებას არავინ ახდენს, _ აღნიშნავენ "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მცხოვრებნი.
ანალოგიური მდგომარეობაა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალურ სამმართველოში ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი და სოფლის რწმუნებულია ინფორმირებული:
_ ჩვენ ყველგან დავაგზავნეთ ოფიციალური წერილები, ვთხოვეთ ყველა რწმუნებულს, რომ თუკი მსგავსი შემთხვევა იქნება, დაუყონებლივ დაგვიკავშირდნენ, რათა შემდგომ გარდაცვლილი პირუტყვის დამარხვა დასუფთავების სამსახურთან ერთად მოვახერხოთ, _ გვითხრეს რეგიონალურ სამმართველოში.
სამმართველოს უფროსის, კახა თავბერიძის თქმით, ჭირის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობამ პირუტყვი არ აცრა:
_ ეს აცრა, რომელიც 4-5 ლარი ჯდება, პირუტყვს პატრონმა უნდა ჩაუტაროს. ყველას ვთხოვეთ, მაგრამ არ ცრიან და სწორედ ამის შედეგია, რომ კლასიკური ღორის ჭირია გავრცელებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თავბერიძემ.
მისივე თქმით, ავადმყოფობის გავრცელების მოცულობიდან გამომდინარე, კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დგას. თავბერიძის განმარტებით, კონტროლი მიმდინარეობს ბაზრებსა და რესტორნებშიც.
თუმცა, იმის გამო, რომ რეგიონალურ სამმართველოში მხოლოდ 4 ადამიანი მუშაობს, არ არის გამორიცხული, ბაზარზე ან რომელიმე კვების ობიექტში არაჯანსაღი ხორცი შევიდეს.
_ ყველას ვთხოვთ, რომ პასუხისმგებლობას ნუ დაივიწყებენ და დაავადებულ ხორცს ნუ გაყიდიან. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს, _ გვითხრა კახა თავბერიძემ.