განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა, ნათქვამია:
“ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოარქივის შესაძლო შენახვის და მისი, როგორც გამოძიებისათვის საჭირო სამხილების, გამოყენების თაობაზე.
გაუგებარია ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოლოდინის შექმნის შემდეგ, რით იყო გამოწვეული მთავრობის გადაწყვეტილების შეცვლა და აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა. მით უმეტეს, რომ ასეთი მასალის შენახვა არღვევს როგორც საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ისე _ საერთაშორისო პრინციპებს და ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
მიგვაჩნია, რომ მთავრობის ხელში ამგვარი მასალების შენარჩუნება მათი პოლიტიკური მიზნით გამოყენების სურვილს შეიძლება ემსახურებოდეს. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები, რომ უკანონოდ ჩაწერილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შესაძლებელია გამოყენებული იქნას სპეცსამსახურების მიერ მოქალაქეების დასაშანტაჟებლად და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის საშუალებად.
სამწუხაროა, რომ მრავალი განცხადების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურების საქმეში. ამის საპირისპიროდ, პროცესი დროში გაიწელა, რაც, თავისთავად, საზოგადოების მხრიდან ნდობის ხარისხზეც აისახება.”