გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ისაუბრა სოციალური პროგრამების განხორციელებაზე, რომლის დასაფინანსებლადაც 893, 500 ლარია გათვალისწინებული. განცხადება გააკეთა შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაზე, რისთვისაც 141 300 ლარია გამოყოფილი.
შარაშენიძის განცხადებით, სოფლის პროგრამებით პროექტებით შესასრულებელი სამუშაოები 10 -15 ივლისს დაიწყება. შარაშენიძემ ისაუბრა ასევე 23 მარტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შესრულებულ სამუშაოებზე, რისთვისაც 450 000 ლარი გამოიყო.
წარმოდგენილი ანგარიშის შემდეგ, შარაშენიძემ “გურია ნიუსის” შეკითხვებს უპასუხა.
_ ბატონო კოტე, ფლობთ თუ არა ინფორმაციას გაზიფიცირებასთან დაკავშირებით? როდის განახლდება შეწყვეტილი სამუშაოები?
_ ახლა არის გარდამავალი პერიოდი, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. ის კომპანიები, რომლებიც ასრულებდნენ სამუშაოებს, პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდნენ და ჰქონდათ ფინანსური ინტერესები. ასე ვთქვათ, ლაგდება სიტუაცია მოსახლეობის სასარგებლოდ, როგორც მე ვარ ინფორმირებული, სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება.
_ანუ კონკრეტული პასუხი მაინც არ გვაქვს…
_ არა , მაგრამ აუცილებლად დაიწყება.
_ წყლის პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, აწუხებს სოფლებსაც და ქალაქსაც. მიუხედავად გახარჯული რამდენიმე მილიონი ლარისა, საკითხი გადაუჭრელია. ამის გამო სოფელ ძიმითისა და დაბა ნასაკირალის მოსახლეობამ ცენტრალური გზაც გადაკეტა, თქვენ რა ზომებს ახორციელებთ ამ პრობლემების გადასაჭრელად?
_ იცით თუ არა თქვენ, რომ დაბა ნასაკირალში გუშინ მოწვეული გვყავდა სპეციალისტი? ხართ საქმის კურსში? ოზურგეთში სპეციალურად, ჩემი ინიციატივით, მოვიწვიეთ ერთ-ერთი სერიოზული საპროექტო ფირმიდან სპეციალისტი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მოსახლეობამ დააყენა. შესაბამისად, ჩემი სარეზერვო ფონდიდან დავაფინანსებ.
მოსახლეობის თხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ასევე სოფლის პროგრამებში ჩასმული რამდენიმე სოფელი, სადაც ჩატარდება წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც შეეხება ქალაქის წყალს, ვიცით, რომ წყალი მოდიოდა ბჟუჟის წყალსადენიდან, რომელზეც უამრავი თანხაა გახარჯული. დღეს ჩვენ იმ წყალსადენიდან წყალს არ ვიღებთ. პირდაპირ გეტყვით, არ არსებობს სათავე ნაგებობა, პირდაპირ შემოდიოდა მდინარის წყალი აუზებში, არის მიწა ამოთხრილი და სილა დაყრილი და ასეთ წყალს მოვიხმარდით აქამდე. დღეს ჩვენ ეს პრობლემა ცოტათი მოვაგვარეთ. ვღებულობთ უკეთესს, გაფილტრულ წყალს, ეს არის უზარმაზარ ხარჯებთან დაკავშირებული. სამინისტრო საქმის კურსშია, ყველამ ყველაფერი იცის და ამ საკითხს სერიოზულად გადახედავენ. პირადად ვაჩვენე გაერთიანებული წყალმომარაგების ხელმძღვანელობას ეს ადგილი და გეტყვით, რომ ეს არის დანაშაული, რომელზეც ყველა ის პირი აგებს პასუხს, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის.
_ კოალიციის წევრები თქვენი მისამართით არაერთ ბრალდებას გამოთქვამენ. მათ არ მოსწონთ თქვენ მიერ გატარებული საკადრო პოლიტიკა, ის რომ ერთპიროვნულად იღებთ გადაწყვეტილებებს, უკმაყოფილება ისმის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც…
_ ამასთან დაკავშირებით შემიძლია ერთი რამ გითხრათ _ ჩემი კარები მათთვის ყოველთვის ღია იყო და არის საქმის საკეთებლად. ვისაც საქმის კეთება უნდა, მე არავინ შემიზღუდავს. თუ ვინმეს გულით და სულით უნდა საქმის კეთება, შეუძლიათ მოვიდნენ და გვერდით დამიდგნენ.
_ რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ საკადრო პოლიტიკის მხრივ? საჯარო სამსახურებში, როგორც ვიცით, შემცირებები არ მომხდარა.
_ შეიცვალა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე ინფრასტრუქტურის. არის სამსახურები, სადაც მშვენივრად ართმევენ თავს როგორც ხელმძღვანელები, ასევე სპეციალისტები.
მე, როგორც მენეჯერი და საქმიანი პიროვნება, როგორ შემიძლია ადამიანი გავათავისუფლო სამსახურიდან და მერე მე თვითონ შევიქმნა პრობლემები? ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, კომპეტენტურები, თუ ისინი თავის საქმიანობას ვერ განახორციელებენ ისე, როგორც საჭიროა და მე ამას დავინახავ, მაშინ დავითხოვ სამსახურიდან.
_აიპიებში განახორციელეთ რეორგანიზაცია, თუმცა არ მომხდარა შემცირებები. თავადაც აღნიშნავდით, რომ აიპიები წინასაარჩევნოდ გაბერილი შტატებით იყო და თითოეულის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი იხარჯებოდა…
_ მოხდა, მოხდა შემცირებები…. 1 იანვრის მდგომარეობით, საბავშვო ბაღებში გათავისუფლდა 39 კაცი. ზუსტად ვერ გეტყვით, დაახლოებით 20 ადამიანით შემცირდა დასუფთავების სამსახური, 10-ით _ კომუნალური სამსახური. რაღაც შემცირებები მოხდა. როდესაც მე მოვედი დეკემბრიდან, უზარმაზარი ვალდებულებები იყო, აბსოლუტურად მთელი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სამსახურის ვალდებულებები შეუსრულებელი რჩებოდა, ფინანსური რესურსი ამოწურული იყო, ბიუჯეტში ცვლილებების გარეშე იყო შტატები დამატებული. ამ ყველაფერმა იჩინა თავი წლის ბოლოს, რითაც უზარმაზარი პრობლემები შეიქმნა. თუმცა, მე მოვახერხე ამ ფულის ოპტიმიზაცია. რამდენიმე აიპი კი საერთოდ გავაუქმეთ, რომელიც ზუსტად საარჩევნოდ იყო შექმნილი.
_ ბატონო, კოტე, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, თქვენი გუნდიდან, “ქართული ოცნებიდან” რამდენი ადამიანი დასაქმდა არჩევნების შემდეგ?
_ არ ვიცი ახლა, ზუსტად ვერ გეტყვით რა, რამდენი დასაქმდა, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ძალიან ბევრია, და ბევრია დაუსაქმებელი.
_ როგორც ვიცით, ამასთან დაკავშირებით პრობლემებია, მუდმივად ისმის კრიტიკა და უკმაყოფილება თქვენი მისამართით.
_ პირდაპირ გეტყვით, დასაქმდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა და განათლება და რომლებმაც ძალიან ადვილად გაართვეს თავი საქმეს. თუმცა, არის უამრავი ადამიანი, რომლებსაც უნდათ დასაქმება. კარგია სამსახური, მაგრამ იმას არ უყურებენ, რა ვალდებულებებია და რისი გაკეთება შეუძლიათ, რა უნდა მოუტანონ მუნიციპალიტეტს თავისი შრომით, ეს ბევრმა არ იცის, მათ უბრალოდ უნდათ სამსახური და ეს ასე არ არის….