ჩვენი ინტერვიუერი უნდა შევიდეს ყველა ოჯახში და უნდა მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია. ინტერვიუერი რუკაზე დატანებულ ყველა შენობაში უნდა მივიდეს, მისცეს ოჯახებს სპეციალური კოდი და მოხდეს ამ ოჯახში მცხოვრები პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. შეიძლება, რუკაზე არ იყოს დატანებული რომელიმე ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსი, ამიტომ, აღმწერი პირები ვალდებულნი არიან, ასეთი შენობა რუკაზე დაიტანონ, _ განაცხადა ბათუმში, „პრესკაფეში“ მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ჭელიძემ.
შეხვედრაზე დაისვა კითხვა თუ რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს ცდომილება აღწერაში, რაზეც ზაზა ჭელიძემ განაცხადა: _ “ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახეზე მყოფი მოსახლეობა დავითვალოთ. ჩვენ, ფაქტობრივად, ზევიდან ვითვლით ქვეყანას და ვარკვევთ, ვინ სად არის, სხვანაირად, შეუძლებელია.
აღწერის პირველი ეტაპი 2013 წლის ივლისიდან დაიწყება და 2014 წლის თებერვლამდე გაგრძელდება, მეორე ეტაპი 2014 წლის ნოემბერში უნდა შედგეს, პირველად შედეგებს კი 2015 წლის გაზაფხულისთვის გავიგებთ.
საყოველთაო აღწერის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარია.