როგორც სხდომის თავმჯდომარემ ანი მიროტაძემ განაცხადა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფმა შეხვედრები გამართა დარგის სპეციალისტებთან და იურისტებთან. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით, საგამოძიებო კომისიის ექსპერტების მიერ მომზადდა 20 განცხადება. დადებითად შეფასდა ინფორმაციის გამოთხოვნა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებისა და საკაბელო ოპერატორებისგან. საგამოძიებო კომისიის წერილობითი განცხადება კი უარყოფითად შეაფასა შპს. „გლობალ მედია ჯგუფის“ წარმომადგენლმა ლევან ყუბანეიშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მომზადებული კვლევების პრეზენტაცია კომისიის წევრებს საია-ს წამომადგენელმა გააცნო. მისი თქმით, კვლევის შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც კომისიის მიუკერძოებელ და ეფექტურ საქმიანობას, ასევე ტელეკომუნიკაციების სექტორის განვითარებას. საია-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთელი რიგი გადაწყვეტილებები დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკუთარი რეკომენდაციები როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინა.
როგორც სხდომის თავმჯდომარემ ანი მიროტაძემ განაცხადა, კომისიის შემადგენლობას ორი წევრი ემატება. საპარლამენტო უმრავლესობიდან ეს თამარ კორძაიაა, თუმცა, ვინ იქნება საპარლამენტო უმცირესობიდან ეს ჯერ უცნობია, რადგან კომისიის სხდომას ისინი, გამოცხადებული ბოიკოტის გამო, არ დასწრებიან.