წინასაარჩევნო პერიოდში კოტე შარაშენიძე კოალიცია “ქართული ოცნების” შტაბის უფროსი იყო, დიმიტრი კვერღელიძე კი საკრებულოში არჩევნების შემდეგ მოხვდა, რაც მისმა თანაპარტიელმა თემურ სალუქვაძემ საკრებულო დატოვა.
რამდენიმე ნაწილად გახლეჩილი “ქართული ოცნება” და მუნიციპალიტეტის პიკეტირებული შენობა. “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ გამგებელს, ახლა “ქართული ოცნებისვე” წევრები უპირისპირდებიან. ამ დაპირისპირებასა და ურთიერთბრალდებებში საკრებულოს თავმჯდომარედ ის ადამიანი გავიდა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად მოიაზრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, ავთანდილ სურგულაძე ამას უარყოფს.
ამ ყველაფერს კი წინ უძღვოდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების სისტემატური ვიზიტები ოზურგეთში, რომელსაც გურიის გუბერნიიდან, ასევე სისტემატურად ესწრებოდა გუბერნატორი და ორი ვიცე-გუბერნატორი: პაატა მანჯგალაძე და ლელა თავართქილაძე.
იყო თუ არა ეს პროცესები წინასწარ დაგეგმილი და რა როლი მიუძღვის ამ საქმეში გუბერნიას, რომელიც მოვლენებს მშვიდად აკვირდება მესამე სართულიდან? ამის გარკვევა ვიცე-გუბერნატორ პაატა მანჯგალაძესთან ვცადეთ.
_ ბატონო პაატა, როგორ ფიქრობთ, რას მოყვა სიტუაციის ასეთი დაძაბვა და თქვენ რა როლი მიგიძღვით ამ ყველაფერში? ფაქტია, ეს ყველაფერი სწორედ თქვენს “წისქვილზე ასხამს წყალს”.
_ მე არ მახასიათებს მიკიბულ-მოკიბული საუბარი, რაც სათქმელია, იმას ყოველთვის და პირდაპირ ვამბობ. რაც შეეხება ოზურგეთში მიმდინარე პროცესებს, კითხვა ისეა დასმული, პასუხის გასაცემად დიდი არჩევანი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ალბათ უნდა გითხრათ _ დიახ, ჩასაფრებულები ვართ და რაც ცუდი ხდება გვიხარიაო. მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ოპონირებასა და მუნიციპალიტეტის საჭიროებებს შორის და ზუსტად ვიცით რომ ახლა ოზურგეთს მცხოვრებლებს სკამების გადანაწილებისთვის ატეხილი დავიდარაბა კი არა, უკვე დაწყებული და დღესდღეობით შეჩერებული პროექტების გაგრძელება, ხოლო ხალხს დასაქმება სჭირდება.
გუბერნიის როლი, თვითმართველობის საქმეებში ჩარევაში ან მის გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენაში, ძალიან შეზღუდულია. მით უფრო, არც ჩვენ გვაქვს ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების სურვილი.
_ ალბათ, შემთხვევითი არც ისაა, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ ის ადამიანი გავიდა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად მოიაზრებოდა.
_ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხმამაღალი ნათქვამია, მე როგორც ვიცი, საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე არც პარტიისა და არც “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი არ არის.
ისე, აქვე განვმარტავ, არავითარი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები არ არსებობენ. არსებობენ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ის წევრები, ვინც დღესაც ერთგულია ქვეყნის თავისუფლების და ძლიერების იდეის და კვლავაც ერთად დგანან და ისინი, რომლებიც დროებამ და პირადმა ქვენა ინსტიქტებმა მიიყვანა “ნაციონალურ მოძრაობაში” და დროების ცვლილებასთან ერთად წავიდნენ სხვაგან. მესმის ეს მათი არჩევანია. ჩვენც გაგებით ვეკიდებით, ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ ისინი.
_ წესით, თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რატომ შეიცვალა ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვეტილება ბოლო წუთებში და მონაწილეობა მიიღო საკრებულოს არჩევნებში. ამ პროცესებს წინ უძღოდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ყოველკვირეული ვიზიტები ოზურგეთში და შეხვედრები მედიის გარეშე, რომელსაც თქვენ, გუბერნატორი და მეორე ვიცე-გუბერნატორი მუდმივად ესწრებოდით.
_ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ოზურგეთში სტუმრობას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ისინი მხარის ინფრასტრუქტურული საკითხებით და ოზურგეთში მცხოვრები ადამიანების პრობლემებით დაინტერესდნენ. რაც შეეხება პოლიტიკურ, პარტიულ თუ ფრაქციულ საკითხებს, რა თქმა უნდა, რაც ამ მიმართულებით ხდება, საქმის კურსში ვარ.
თქვენ მკითხეთ, რატომ შეიცვალა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ გადაწყვეტილება ბოლო წუთებში და მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. დიახ, გპასუხობთ ეს არის პოლიტიკური პროცესი და პარტიის ამოცანაა, არ დარჩეს მის მიღმა და არათუ მხოლოდ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში, არამედ გავლენა მოახდინოს მის შედეგზე (რაც შეძლეს კიდეც, როგორც ვიცი), ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა გამოწვეული იყო გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებით, რომ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ნაკლები მიზეზი და საშუალება მიგვეცა ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის ზემოქმედებისათვის, რაც არაერთხელ განხორციელებულა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებსა თუ მხარდამჭერებზე სხვადასხვა სამსახურებისა თუ თანამდებობის პირების მიერ. ამასთან საყურადღებოა, რომ ზეწოლის ფაქტებზე, უკვე არამარტო ჩვენ, არამედ კოალიციაში შემავალი სუბიექტებიც საუბრობენ და ახლა მე ის უფრო მაფიქრებს, თუ რატომ არ ხდება სამართლებრივი რეაგირება, კოალიციაში შემავალი ადგილობრივი ლიდერების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ, მათ შორის თუნდაც ქ-ნი მანანა კობახიძის და პარლამენტის სხვა წევრების თანდასწრებით გაკეთებულ განცხადებებზე.
_ რომელ განცხადებებს გულისხმობთ? თუ ფიქრობთ, რომ სამართლებრივი რეაგირება ჭირდება ამ ყველაფერს, რატომ არ ითხოვთ? თქვენ, გუბერნიის თანამშრომლები დამკვირვებლები ხართ იმ პროცესების, რომელიც იმ შენობაში ხდება, სადაც თქვენც იმყოფებით?
_ მოდით, საკითხებს ნუ ავურევთ ერთმანეთში, სამართლებრივი რეაგირების საკითხი სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა, და შენობის ადგილმდებარეობასთან არავითარ კავშირში არ არის. ხოლო რაც შეეხება განცხადებებს, ვგულისხმობ კოალიციის დამარცხებული კანდიდატის განცხადებას საკრებულოს წევრ ლევან ნინიძესთან დაკავშირებით, ასევე ქ-ნ ლელა ნაცვალაძის განცხადებას, მან საკრებულოს წევრებზე ზემოქმედებაში ძალოვანი უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამხილა.
_ რაც შეეხება ლელა ნაცვალაძეს, მას თავად შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯარო მოხელეა და იცის ამ მეთოდის შესახებ. გამოძიება კი ყველა მოსაზრებაზე ვერ დაიწყება, იურისტი ხართ და კარგად მოგეხსენებათ ეს.
_ კი ბატონო მაგრამ ესეც ფაქტია რომ გამოძიებას შეუძლია პრესაში ან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე რეაგირება მოახდინოს და ამის უამრავი პრეცედენტი არსებობს.
_ ფაქტია, რომ საკრებულოს ეს არჩევნები არ იყო ჩვეულებრივი. ერთის მხრივ მაჟორიტარი დეპუტატის ინტერესები იკვეთებოდა, რომელიც ჯერ გამგებელს უჭერდა მხარს და ახლა უკვე გამგებელთან “სამკვდრო-სასიცოცხლოდ” დაპირისპირებულ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.
მეორეს მხრივ, ეს კანდიდატი მხარდაჭერილი იქნა იმ კოალიციის მიერაც, რომლის რჩეული არჩევნების დროს სწორედ კოტე შარაშენიძე იყო. დღეს შარაშენიძეს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. რა სახის პროცესებთან გვაქვს საქმე, თქვენი აზრით?
_ ეს პოლიტიკური პროცესია და არაფერი უცხო და განსაკუთრებული არ ხდება. იცვლება ინტერესები და შესაბამისად, იცვლება ადამიანთა შორისაც დამოკიდებულებები, რაც შეეხება კოტე შარაშენიძის მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერას, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ეს კოალიციისთვის დამახასიათებელი სტილია, რომლებსაც ურთიერთშორის წარმოშობილი უთანხმოებისას ერთმანეთის ჩასაძირად იყენებენ. ეს ძალიან სამწუხარო ტენდენციაა, რადგან ამ ადამიანების უმრავლესობას “ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობის გარკვეული კომპლექსები აქვთ. და თუ ისინი ქვეყანაში და პოლიტიკაში დარჩენას გეგმავენ, ნამდვილად მოუწევთ ამ კომპლექსების დაძლევა. რადგან ამა თუ იმ პარტიის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფნა, არა პრეზიდენტის ან პრემიერის ნებაზეა დაფუძნებული, არამედ ამის შესახებ გადაწყვეტილებას ხალხი იღებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთის მხრივ თუ ავიღებთ კოალიცია- “ქართულ ოცნებას”, და მეორეს მხრივ “ნაციონალურ მოძრაობას”, ნაციონალური მოძრაობა რომც დაიშალოს, თუ მხედველობაში იქ მყოფი პიროვნებების გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს მივიღებთ, ქართული ოცნების პოლიტიკურ-ინტელექტუალური პოტენციალის არანაკლებ 5-6 პარტიას მაინც მივიღებთ.
_ რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ”? რა გადაწყვეტილება მიიღეთ ერთობლივად?
_ მე არ ვარ ფრაქციის წევრი და თუ რომელი ფრაქციის წვერმა ვის მისცა ხმა, მაგაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. მაგრამ, თუ პირადად ჩემი აზრი გაინტერესებთ, ოპოზიციაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის მხრიდან, კოალიციის მიერ დასახელებული კანდიდატის მხარდაჭერა გამართლებულად არ მიმაჩნია, რადგან ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ამა თუ იმ კანდიდატის პიროვნული სიმპათია-ანტიპათიის დონეზე შეიძლება გადაწყდეს…