სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის ხათუნა რუსიძის ინფორმაციით, ლაბორატორიული დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ეს არის ღორის კლასიკური ჭირი: “როდესაც ღორების დაცემა დაიწყო, სიმპტომები ძალიან ჰგავდა 2006 წლისდროინდელ აფრიკულ ცხელებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, გვქონოდა ზუსტი ლაბორატორიული დასკვნა და ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მივმართეთ შესაბამის ლაბორატორიას, რომლის დასკვნის მიხედვითაც , ეს არის ღორის კლასიკური ჭირი. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გავაგზავნეთ სინჯი ორი სხვადასხვა კერიდან და მივიღეთ ანალოგიური დასკვნა. კლასიკური ჭირის აცილება და პრევენცია შესაძლებელია. ვაქცინაცია აუცილებელია გაკეთდეს ორი დღის ასაკში, ოღონდ ვაქცინა ძვირია. დასავლეთში და განსაკუთრებით გურიაში, ღორები, ძირითადად, ქუჩაში გვყავს გაშვებული, რაც ჭირის გავრცელების საფრთხეს ზალიან უწყობს ხელს. ამას ისიც ერთვის, რომ მოსახლეობა ხშირად პოულობს მკვდარ ღორებს მდინარეში და გვის ურნებში, ზღვაშიც კი იქნა აღმოჩენილი,” _ ამბობს რუსიძე.
მისი თქმით, ღორის კლასიკურ ჭირზე სახელმწიფო უფასო ვაქცინაციას არ ახდენს: “ჩვენი მხრიდან ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მიღებულია შემდეგი ზომები _ პიროვნება, რომელიც დატოვებს მკვდარ ღორს, ჯარიმის სახით დაეკისრება ფულადი ჯარიმა. სულ მალე ჩამოვა ჩვენი სამსახურის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს შესაბამის სამუშაოებს ჭირის გავრცელების წინააღმდეგ,” _ თქვა ხათუნა რუსიძემ ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე.
რუსიძეს ფრაქციის “რეალური თვითმმართველობისთვის” წევრი დავით წულაძე გამოეხმაურა: “მიმაჩნია, რომ ეს ჭირი არის სპეციალურად შემოტანილი. ღორის ჭირი დაემართა იმ ნაციონალებს, რომლებმაც ეს ჭირი შემოიტანეს. თუ დაინტერესებულხართ მაინც , როგორ მოხდა მისი გავრცელება? სპეციალურადაა შემოტანილი და ამის მოკვლევა რომ დავიწყოთ, უმჯობესია.”
საკრებულოს თავმდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა შემოვიდა წინადადებით , რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეთხოვოს, რომ ვაქცინაცია უფასოდ ჩატარდეს.