პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალბატონმა ელენ მაკრი-თეოდორუსმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის კულტურულ ურთიერთობებს, აგრეთვე სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პროცესებს. მან აგრეთვე აღნიშნა ის დადებითი ტენდენციები, რაც უკანასკნელ დროს საქართველოს პარლამენტში აღინიშნება. საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე და საგარეო კურსის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს თბილი მიღებისთვის და მოკლედ გააცნო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. დავით უსუფაშვილმა მადლიერება გამოხატა საბერძნეთის პარლამენტის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საბერძნეთის მონაწილეობის გამო. პარლამენტის თავმჯდომარე შეეხო ნოემბერში გასამართ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს, საბერძეთის სახით, კიდევ ერთი მხარდამჭერი ეყოლება ასოცირების ხელშეკრულების გასაფორმებლად.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას. დავით უსუფაშვილმა მეგობრების ჯგუფის წევრები საქართველოში მოიწვია.