ეს შეხვედრა “დიდი ოცეულის”ალტერნატივაცაა, იგი სექტემბერში რუსეთში ტარდება და ტრადიციულად განიხილავენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს”, _ თქვა ორგანიზაცია “ევროპული არჩევანი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ნიკა ქობულაძემ “კავკასიის სახლში” გამართულ კონფერენციაზე. კონფერენცია “პოსტგლობალიზაციური ინიციატივის” ფარგლებში ორ დღეს, 10 და 11-ივლისს მიმდინარეობდა და მასში აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
“ჩვენ ძირითადად ვიხარშებით ჩვენს წრეში. საქართველოში მიმდინარე ძალიან ბევრ დეტალს ვადევნებთ თვალს, მაგრამ არ ვიცით, რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ყურმოკვრით ვიცით, იგივე თურქეთში, ამერიკაში, ეგვიპტეში რა სიტუაციაა. არანაირად არ ვაკავშირებთ იმას, რაც ხდება ჩვენთან იმასთან, რაც ხდება მსოფლიოში. ეს გვიზღუდავს თვალსაწიერს, იმიტომ რომ რეალურად საქართველოში მიმდინარე მოვლენები ნაწილია იმისა, რაც ხდება მსოფლიოში. ჩვენ ვართ ორგანიზაცია “გლობალიზაციისა და სოციალური ურთიერთობების ინსტიტუტის” პარტნიორები, რომელიც ემსახურება თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზს. ამიტომ, საქართველოშიც ვატარებთ მსგავს განხილვებს”, _ ამბობს ჩვენთან საუბარში “ევროპული არჩევანი საქართველოსთვის” წევრი ქეთევან ამირეჯიბი.
კონფერენციაზე გამომსვლელები შეეხენ იმპერიალიზმის, გლობალიზაციის, ჰეგემონიის, კრიზისების საკითხებს.
საუბარი იყო ასევე რესურსებისთვის ბრძოლაზე. აშშ-სა და გერმანიაში მოღვაწე პოლიტიკურმა ეკონომისტმა და პუბლიცისტმა უილიამ ენგდალმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ამერიკის მიერ დემოკრატიის სახელით წარმოებული საომარი კამპანიები ერაყში, ირანში, ავღანეთსა თუ სირიაში, სინამდვილეში ემსახურებოდა ნავთობისა და ბუნებრივი აირისათვის ბრძოლას.
ენგდალმა ნავთობ პროდუქტებზე დაწესებულ ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში დაწესებული ფასები საქართველოზეც მოქმედებს.
ბრიტანელმა პუბლიცისტმა და კოალიცია “შეაჩერე ომის” წევრმა ჯონ რისმა კავკასიაში არსებული რესურსები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ყველა ბუნებრივი რესურსის გადანაწილება უნდა წარიმართოს არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის საფუძველზე.
“ბაქო-თბილისი -ჯეიჰანის ფუნქციონირებაში ჩართულია 11 სახელმწიფო. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის არ მოხდეს უსიამოვნებები. რესურსებზე ფასის ზრდამ შეიძლება მოგებასთან ერთად, ბევრი უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს, როგორც ეს მოხდა ირანის შემთხვევაში. ფასების ზრდამ მუსულმანური ქყვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია. იმისთვის, რომ ქვეყნის პოლიტიკა იყოს მდგრადი, მოსახლეობის განწყობა უნდა გაითვალისწინონ. მოსახლეობის გამოკითხვა უნდა მოხდეს სხვადასხვა საკითხზე, თუნდაც ფასების შემთხვევაში. რესურსებმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და ყველაფრის ორგანიზება სწორი გზით უნდა მოხდეს,” _ აცხადებს ჯონ რისი.
“საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის” დირექტორმა მარინა მუსხელიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს ქართული ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია: ” სახელმწიფოს ეკონომიკაში სამი ძირითადი მიდგომის გათვალისწინებაა აუცილებელი. პირველი ეს არის საშუალო სიტუაცია ეკონომიკაში, როდესაც გლობალური ფული აკონტროლებს ადგილობრივ ფულს, მეორე- სახელმწიფო და ფული მიმართულია შრომის მიმართ და ნეოლიბერალური სახელმწიფოს შექმნა აქვთ მიზნად დასახული და მესამე ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა, როდესაც ყველაფერს სახელმწიფო აკონტროლებს”.
ექსპერტების მონაწილეობით მსგავსი ტიპის შეხვედრები და განხილვები თბილისის შემდეგ პეტერბურგშია დაგეგმილი.