კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზვიად კვაჭანტირაძე და გუგული მაღრაძე არიან. კანონპროექტით ფილანთროპიის, ქველმოქმედების და საზოგადოებრივი პარტნიორობის გახორციელების ძირითადი პრინციპები განისაზღვრება. ასევე, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირების და მათი უფლება-მოვალეობების ფორმები.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ფილანთროპიისა და ქველმოქმედების მიზნით გაცემული ნებისმიერი ფულადი სახსრები გრანტად განიხილება. ასევე “ფილანთროპიის, ქველმოქმედების და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონის” შესაბამისად განისაზღვრება იმ სუბიექტთა წრე, რომლებიც ჩაითვლებიან გრანტის გამცემ და მიმღებ სუბიექტად.
“საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” კანონის პროექტით გათვალისწინებულია, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის ცალკეული საქმიანობის მოგების საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება. კანონპროექტი ასევე არეგულირებს, ფილანთროპიული საქმიანობის გახორციელების მიზნით გაცემული თანხების გამოქვითვის პირობებს, ასევე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთიდან 1% გადაუხადოს, ფილანთროპიის, ქველმოქმედების და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს.