შეხვედრაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანი, დამოუკიდებელი სატყეო ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების 40-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
როგორც ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, დოკუმენტი დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა. 1 თვის მანძილზე კი სამინისტროს ვებ გვერდზე იყო განთავსებული და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მასზე შენიშვნების გამოთქმა.
სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის სატყეო პოლიტიკას საქართველოს ყველა ტყისათვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და მართვის ფორმისა და მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დასამკვიდრებლად. დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტებია: ტყის რესურსების რაციონალური გამოყენება, ტყის მფლობელობა, მართვა და სარგებლობის უფლება, ტყეების მდგრადი მართვა, ადაპტაცია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან, ტყეების მართვა და კანონმდებლობა, განათლება და მეცნიერება, საზოგადოების ცნობიერება და ჩართულობა.
შენიშვნების 6 გვერდი გაუგზავნა სამინისტროს ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილი დოკუმენტის განხილვაზეც იმყოფებოდა და შენიშვნების გამოთქმის საშუალება იქაც მიეცა.შენიშვნები ძირითადად პროცედურებს ეხებოდა. მისი თქმით, განხილვების კამპანია უნდა დაიგეგმოს. ასევე პარლამენტში წარდგენის პროცედურებიც უნდა დადგინდეს.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განმარტა, პარლამენტის კომიტეტთან ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იქნება შესაძლებელი მისი გატანა.
ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, დოკუმენტში ასევე ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიზანი. სამინსტრომ ეროვნულ სატყეო დოკუმენტში ხედვა კი არა, პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. რაზეც სააგენტოს თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანიც დაეთანხმა.
“საქართველოში სატყეო დოკუმენტი არასდროს არ ყოფილა დამტკიცებული. ამას ახლა ვაკეთებთ და თუ რამე ჩასამატებელია, ჩავამატებთ. ამისთვის ღია ვართ”, _ განაცხადა გიორგობიანმა.
შენიშვნები გამოითქვა ტერმინოლოგიის თვალსაზრისითაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ ელიზბარაშვილის თქმით, დოკუმენტი ცუდად ნათარგმნის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს იგივე “სატყეო ტურიზმი”. ასევე, მისი აზრით, “საფრთხეების” მაგივრად კარგი იქნება, თუ “პრობლემებს” გამოიყენებენ. “საფრთხე” მომავლის შეიძლება იყოს, ჩვენ კი დღეს “პრობლემები” გვაქვს”, _ აღნიშნა ელიზბარაშვილმა. მისი შენიშვნაც ასევე გაზიარებული იქნა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნული სატყეო დოკუმენტის იურიდიულ მნიშვნელობასაც. ვინაიდან მას პარლამენტი მიიღებს, იურიდიული ძალა ექნება.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ეროვნულ სატყეო დოკუმენტზე განხილვები გრძელდება. მან შეხვედრის მონაწილეებს მეორე დღისთვის სააგენტოში მისვლა შესთავაზა, რათა ერთობლივად შეიტანონ დოკუმენტში შენიშვნები.