საკითხი შეეხება “საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს, რომელიც კომიტეტმა II მოსმენით განიხილა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის წევრებს ქუთაისის მახლობლად არსებულ აქროლადი ნაცრის საბადოს არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ აღნიშნული საბადო, რომელიც 816 ათას კუბურ მეტრ აქროლად ნაცრის რესურსს მოიცავს, გამოკვლევა-ტესტირებისთვის შესაბამის სამსახურს გადაეგზავნა. მისი განცხადებით, საბადო ექსპლუატაციისთვის 1 წლის წინ შპს “ახალ ცემენტს” გადაეცა, რომელიც მოპოვებულ ნივთიერებას ცემენტის წარმოებისთვის იყენებს. გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, საქართველოში მოპოვებულ აქროლად ნაცარს ექსპერტიზისთვის 3-4 თვე სჭირდება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საბადო კერძო მფლობელობაშია და თუ რამდენად მოხერხდება მისი ჰესების მშენებლობისთვის მიწოდება-გამოყენება შემდგომი მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს.
კანონპროექტის მომხსენებლის, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე სამინისტრო აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. მისი ინფორმაციით, პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტის ნორმა კიდევ უფრო გამკაცრდა, რომლის მიხედვითაც მისი ტრანზიტის უფლება მხოლოდ საქართველოს მთავრობის ცალკეულ შემთხვევებში და პირობებით დაიშვება. რაც შეეხება ქუთაისთან არსებულ აქროლადი ნაცრის საბადოს – ჰესების მშენებლობისთვის მისი ვარგისიანობის გამოკვლევებს გარკვეული პერიოდი დასჭირდება, რაც ამ პროცესის შეჩერებას გამოიწვევს. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მოპოვებული ნაცარი მშენებლობისთვის ვარგისიანი გამოდგება და მის მფლობელსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის შეთანხმება იქნება მიღწეული, მისი იმპორტის საკითხი კვლავაც რჩება ძალაში, რადგან აქროლადი ნაცრის გამოყენება სხვა ჰესების მშენებლობისთვისაც არის გათვალისწინებული, რომლის მარაგიც საქართველოში არ მოიპოვება.
კომიტეტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არასათანადოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მან კანონპროექტს არც I მოსმენისას დაუჭირა მხარი და არც ამჯერად აპირებს მისთვის ხმის მიცემას. ანალოგიური პოზიცია კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა, მალხაზ წერეთელმა დააფიქსირა. საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად, სამი მომხრით, ორის წინააღმდეგ კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას გადაეგზავნა.