საკანონმდებლო წინადადების ინიციატორები მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე და ჟურნალისტი ლაშა ტუღუში არიან.
ზვიად ქორიძის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადება არ არის რეპრესიებსა და სანქციებზე გაწერილი. წინადადების მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეთა პერსონალური ინფორმაცია და პირადი ცხოვრება სრულყოფილად იყოს დაცული. პირადი ცხოვრება არ უნდა იყოს ღია სივრცე და სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მასში ლეგიტიმურად ჩარევის უფლება.
“საკანონმდებლო წინადადების მთავარი მთავარი არსი არ არის რეპრესირება, არამედ ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მმართველ ძალას არ მისცემს საშუალებას, ლეგალურად და ლეგიტიმურად გამოიყენოს ბერკეტები, რომლითაც ის დაარღვევს მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იმაზე მეტად, ვიდრე ამის ლეგალური უფლება გააჩნია სახელმწიფოს. ეს ყველაფერი არის საერთაშორისო ვალდებულებით განსაზღვრული,” _ განაცხადა მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ.
საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში აღნიშნულია რომ “ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მასობრივად ხორციელდებოდა ფარული თვალთვალი და საქართველოს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევა. საკანონმდებლო ხარვეზები ხელს უწყობდა აღნიშნული უფლების მასობრივ ხელყოფას.”