განათლების ყოფილი მინისტრი და კოალიცია ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი კი წუხილს გამოთქვამს, რომ “შეთავაზების მიუხედავად, დავით ზურაბიშვილის დიდი პოლიტიკური ნიჭი განათლების მინისტრის მრჩევლის პოსტზე არ იქნება გამოყენებული”.
_ “დავით ზურაბიშვილი არავის არ გადაუყენებია, ეს არის ნორმალური პროცედურა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც იცვლება სამინისტროში პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მასთან ერთად ავტომატურად თავისუფლდება ყველა მინისტრის მოადგილე. რა თქმა უნდა, ვდარდობ, რომ ბატონი დავითის ეს დიდი პოლიტიკური ნიჭი მრჩევლის პოსტზე გამოყენებული არ იქნება, შეთავაზება იყო მისი პოლიტიკური უნარებიდან გამომდინარე. თუ პრემიერი არ ჩაერია ამ საქმეში, რა უფლება მაქვს მე ჩავერიო ამ სამინისტროს კადრების ფორმირებაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში.
მარგველაშვილის ამ განცხადებას, ფეისბუქით გამოეხმაურა პრეზიდენტობის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი:
_ ყურადღებით წავიკითხე საპრეზიდენტო კანდიდატის შემდეგი განმარტება: “დავით ზურაბიშვილი არავის არ გადაუყენებია, ეს არის ნორმალური პროცედურა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც იცვლება სამინისტროში პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მასთან ერთად ავტომატურად თავისუფლდება ყველა მინისტრის მოადგილე.” ნეტავ რომელ დემოკრატიულ ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით საუბრობს ყოფილი ჯიპას ხელმძღვანელი? საერთოდ დემოკრატიულ ქვეყნებში, პოლიტიკური ხელმძღვანელობა (რომელიც ამ პოლიტიკურ ნიშნით ასევე მთავრობის წევრია) მხოლოდ მინისტრია და ამიტომაც მინისტრის პოსტზე ნაკლებად ნიშნავენ “კარგ მენაჯერებს” და უფრო ხშირად პოლიტიკურ ხედვის მქონე ხელმძღვანელებს. ღმერთმა გვაშოროს, რომ “ყველა მინისტრის მოადგილე” იყოს პოლიტიკური და “ავტომატურად იხსნებოდეს” . მეტსაც ვიტყვი _ პოლიტიკური მოადგილის ადგილი ტიპიური საბჭოთა სისტემის დანერგილი პრაქტიკაა, როცა საჭიროდ ითვლებოდა მინისტრის გაკონტროლება კგბ-თი და პირველი მოადგილეს ხელით. და ბოლოს გაუგებარია, ერთი “გუნდის” 9-თვიან მმართველობის შემდეგ ტექნიკურ მიზეზების (მინისტრის კანდიდატად გადაყვანის) გამო განთავისუფლებულ ადგილზე როცა ინიშნება ახალი მინისტრი, რატომ უნდა ეს იქცეოდეს მოადგილეების “პოლიტიკურ” განთავისუფლების აუცილებელ პირობად? ეს დემოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ _ ახალი უმრავლესობა როცა იმარჯვებს და როცა სამინისტროების მაღალი ეშელონების ერთგვარი პოლიტიკური გადახალისებას აქვს ადგილი. უფრო საინტერესო იქნებოდა ვინმე თუ აგვიხსნიდა რა შეიცვალა პოლიტიკურად წინა და ახალი მინისტრების და პირველი თუ სხვა მოადგილის ხედვებში. კადრების როტაცია გაგვიგია, მაგრამ არავის უთქვამს რომ დემოკრატიასთან მჭიდრო კავშირში ყოფილიყო! საპრეზიდენტო კანდიდატისგან ალბათ მეტ კონცეპტუალურ და პოლიტიკურ სიცხადეს უნდა ველოდებოდეთ! ყოველ შემთხვევაში დემოკრატიის ზოგი წესების გაგებასაც და დაცვასაც… თუნდაც, როცა ეს ეხება თავის ყოფილ მოადგილეს! _ აღნიშნავს ზურაბიშვილი.