შეხვედრის მთავარი მიზანი “ღია მმართველობის პარტნიორობის” საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა, სამოქმედო გეგმის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების მიღება, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის ხელშეწყობის საკითხების განხილვა იყო.
“ღია მმართველობის პარტნიორობა” პრეზიდენტ ობამას ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისაგან უპრეცედენტო გამჭვირვალობის მიღწევას და მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას გულისხმობს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ რუსუდან მიხელიძის განმარტებით, საქართველო აღნიშნულ ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა წარადგინა. აღნიშნულ გეგმაში განსაკუთრებული ადგილი მმართველობის პროცესში საზოგადოების ჩართულობას ეთმობა.
“იუსტიციის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს − ეს არის ელექტრონული დემოკრატიის პროექტი. აღნიშნული საზოგადოებისგან უკუკავშირის მიღების სხვადასხვა ფორმას გულისხმობს. მაგალითისთვის, პეტიციების სისტემის დანერგვა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების იდეა. სწორედ ამ საკითხების განხილვას ვაპირებთ აღნიშნულ ღონისძიებებზე”, − განმარტა რუსუდან მიხელიძემ.
მრგვალი მაგიდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ და დემოკრატიული მმართველობის პროგრამის დირექტორმა მარის მიკელსონმა გახსნეს. შეხვედრას ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ბოლოს დისკუსია შედგა.
ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, “USAID”-ის პროგრამის − “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” (G3) − და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა.