შესაბამისი განცხადებით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა და დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა:
“გაცნობებეთ, რომ სისხლის სამართლის საქმე _ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს “მექანიზატორის” რიგი თანამდებობის პირების მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, 2013 წლის 31 ივლისს, განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა, აღარ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე; შესაბამისად, ამოწურულია ბრალდებულთა პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის, გირაოთი შეცვლის თაობაზე,” _ ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ, პროკურატურას თომას ჰამარბერგმაც მიმართა და აღნიშნა, რომ დაკავებულების პატიმრობაში დარჩენის საფუძველს ვერ ხედავს.
“მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებული მემორანდუმისათვის, რომელიც ჩვენი შეხვედრის შემდეგ, ივნისში გამომიგზავნეთ. დაკვირვებით შევისწავლე აღნიშნული დოკუმენტი და კვლავ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის მყარი საქმე მათ წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილად ცნეს.
თუმცა, ეს წერილი ეხება წინასწარი დაკავების გაგრძელებას იმ ხუთი პირისას, რომელთაც კვლავ აღკვეთილი აქვთ თავისუფლება. როგორც მოგეხსენებათ, წინასწარი დაკავება მხოლოდ ისეთ გარემოებებში გამოიყენება, როცა არ არსებობს სხვა გზა, როდესაც არსებობს საფრთხე იმისა, რომ პირმა შესაძლოა თავი აარიდოს ან გაანადგუროს მტკიცებულება (აგრეთვე, პოტენციურ მოწმეზე ზეწოლის შესაძლებლობა). ვაცნობე პრემიერ მინისტრს ჩემი შეშფოთება ამ საქმის თაობაზე და ჩემი აზრით, ეს 5 დაკავებული ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს,” _ ნათქვამია ჰამარბერგის წერილში.