იგი ფიქრობს, რომ პროკურატურა დამნაშავეთა ნაწილს ხელს აფარებს და ჯოხი რიგით თანამშრომლებზე ტყდება.
“ვითხოვ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მომცეს ახსნა-განმარტება, რა მიზეზით გადაიყვანა ჩემი შვილი რუსთავის ციხიდან გეგუთში? ადრე იქ მას შეპირდნენ, რომ არ აპატიებდნენ, რომ 2008 წლის ხონის ციხიდან გაქცევის ორგანიზება არ აიღო თავის თავზე. მაქვს საფუძველი ვიფიქრო , რომ ეს გადაყვანა სპეციალურად მოხდა. გეგუთის ციხის ადმინისტრაცია ცნობილია “მაფიოზებად” და ჩემს გაჭირვებულ ბიჭს რამეს შეარჩენდნენ?ვითხოვ სამინისტროს ახსნა-განმარტებას რატომ გადაიყვანეს ლევან კორტავა გეგუთში ასე მოულოდნელად და რატომ არ იყო ეს ფაქტი ცნობილი ოჯახისთვი?
საქმე გახსნილია, დამნაშავეები დაისჯებიან. რათქმაუნდა არავის არ უნდა შერჩეს ლევანის ერთი წვეთი სისხლი, მაგრამ არ მჯერა, რომ მთავარი დამნაშავეები გამოაშკარავდნენ. ეს უბრალოდ ლოგიკაშიც არ ჯდება. დავუშვათ ერთმა ჩინოსანმა გაიმეტა, სად იყვნენ დანარჩენები, ციხეში მარტო ერთი კაცი მუშაობს. ამდენ ხანს ამუშავებდნენ ამ ბავშვს და ნუთუ არავის არ ესმოდა? სამსახურეობრივ გულგრილობაში მაინც არ ადანაშაულებთ ამ ადამიანებს? უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელიც არამარტო მე , საზოგადოებასაც აწუხებს. ვფიქრობ, საქმე გვაქვს დანაშაულის ჩაფარცხვასთან. არ მინდა ვიფიქრო, რომ უდანაშაულო ხალხს დაადეს ხელი, მაგრამ ვფიქრობ მთავარი შემკვეთები არ ჩანან და თუ ძლიერი არგუმენტები გაქვთ, დამაჯერეთ ბატონო, წინააღმდეგი არ ვარ,” _ ამბობს გარდაცვლილი პატიმრის მამიდა.
გუშინ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე კორტავას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოცხადდა. გამოძიების ვერსიით, კორტავაზე განაწყენებულმა უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა ილია შანშიაშვილმა მასზე შურისძიება პატიმრებს დაავალა:
“2013 წლის 12 მაისს ლევან კორტავა სად-ის რუსთავის N6 დაწესებულებიდან გადაიყვანეს გეგუთის N 14 დაწესებულებაში. დაახლოებით 20:00 საათზე, დაწესებულების მეექვსე კორპუსში განთავსებისას, ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის, ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება. ილია შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს, მეტსახელად “ბულდოგას”. ლევან კორტავასა და შოთა სინაურიძეს შორის დაწყებული საუბარი გადაიზარდა კონფლიქტსა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში, რომლის მიმდინარეობისას ლევან კორტავამ ძალადობის საპასუხოდ, ხელი დაარტყა შოთა სინაურიძეს. მომხდარის თაობაზე ცნობილი გახდა უსაფრთხოების ინსპექტორ – ილია შანშაშვილისათვის, რომელმაც უგულებელყო მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა – უზრუნველეყო მსჯავრდებულთა უსაფრთხოება, გამოევლინა და აღეკვეთა დანაშაული.
ილია შანშაშვილის ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა შოთა სინაურიძემ და ამავე დაწესებულებაში მცხოვრებმა, ასევე მსჯავრდებულმა გიორგი შემაზაშვილმა (მეტსახელად “გორსკი”) ლევან კორტავა ძალის გამოყენებით წაიყვანეს მეექვსე კორპუსის მესამე სართულზე მდებარე N 338-ე საკანში, სადაც სხვა მსჯავრდებულებთან – სოლომონ დაშნიანთან, გელა უშხვანთან (მეტსახელად “გალსკი”) და თეიმურაზ გურეშიძესთან (მეტსახელად “რუბენიჩი”) ერთად ლევან კორტავას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსჯავრდებულთა მიერ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით ლევან კორტავას საკანში შეყვანის შესახებ იმთავითვე იყო ცნობილი ილია შანშაშვილისათვის, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის აღკვეთა და მზადების სტადიაში მისი აცილება, თუმცა ამის მიუხედავად არაფერი იღონა კონფლიქტის აღსაკვეთად და მისი უმოქმედობით მოძალადე პირებს საშუალება მისცა გასწორებოდნენ ლევან კორტავას. N 338 საკანში ძალადობის შედეგად ლევან კორტავას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ცემის დასრულების შემდეგ კი მას მიეცა საკნის დატოვების საშუალება.
რამოდენიმე წუთში ნაცემ ლევან კორტავასთან, რომელიც სხვა პატიმრებთან ერთად მეექვსე კორპუსის მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, მივიდნენ ზემოხსენებული დაწესებულების პატიმრები ლაშა კვანტალიანი, შოთა სინაურიძე, გიორგი შემაზაშვილი, სოლომონ დაშნიანი, გელა უშხვანი, თეიმურაზ გურეშიძე და ნუგზარ ბუჩუაძე (მეტსახელად “რიჟა”), რომლებმაც სასაუბროდ გაიხმეს ლევან კორტავა N 336 საკანში, სადაც იგივე მიზეზით – მსჯავრდებულ შოთა სინაურიძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტრო ჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ჯგუფურად, გონების დაკარგვამდე, განსაკუთრებული სისასტიკით ცემეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ლევან კორტავა. ამასთან ამ უკანასკნელის ცემა არ შეუწყვეტიათ გონების დაკარგვის შემდეგაც რამდენიმე წუთის მანძილზე.
გახორციელებული ძალადობის შედეგად ლევან კორტავამ მიიღო მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.
ილია შანშაშვილის უმოქმედობით ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულის შემდეგ, სად-ის N14 დაწესებულების მეექვსე კორპუსში ლევან კორტავას სხეულის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების მცდარ კვალზე დაყენებისა და ამგვარად, როგორც თავისთვის, ასევე დანაშაულის ჩამდენ პირთათვის მოსალოდნელი პასუხისმგელობის თავიდან აცილების მიზნით, ილია შანშაშვილმა დაწესებულის რამდენიმე თანამშრომელთან შეთანხმებით ჩაიდინა მტკიცებულების ფალსიფიკაცია. კერძოდ, 2013 წლის 13 მაისს, დაახლოებით 01:30 საათისათვის, მსჯავრდებულის დაშავების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით მისულ გამომძიებელს განზრახ არასწორად მიუთითა ლევან კორტავას სხეულის დაზიანების ადგილი და განუცხადა, რომ ლევან კორტავამ დაზიანებები მიიღო მეორე სართულის კიბიდან დაგორების შედეგად, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ამგვარად, საგამოძიებო მოქმედების – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით ილია შანშაშვილმა მტკიცებულების ფალსიფიკაციის გზით მცდარ კვალზე დააყენა გამოძიება.
2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
2013 წლის 02 აგვისტოს სამსახურებრივი გულგრილობის და სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისათვის , ასევე სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ილია შანშაშვილი დააკავეს. სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენისათვის ბრალდება წარედგინებათ სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ გიგა კოხოძესა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ (კონტროლიორ) ალექსანდრე ბაბუნაშვილს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის – ჩადენისათვის სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარეიას.
ასევე დაკავებულია დანაშაულის ჩამდენი ადრე განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი შემაზაშვილი, რომელმაც 2013 წლის 7 ივნისს სასჯელი მოიხადა და საპატიმრო დატოვა. შემაზაშვილს ბრალად ედება სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
იგივე ბრალდება წარედგინებათ დანაშაულის ჩამდენ დანარჩენ პირებსაც _ ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს და ნუგზარ ბუჩუაძეს, რომლებიც ამჟამადაც საპატიმრო დაწესებულებაში არიან.”