მორიგი შეხვედრა პირველ აგვისტოს უნდა გაემართათ დავით მახარაძის შეგირდებს, მაგრამ იმ დღეს ფეხბურთელებს არც უვარჯიშიათ და არც უთამაშიათ, რის გამოც ფოთის “კოლხეთთან” ამხანაგური მატჩი ჩაიშალა.
როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთელები დარჩენილ დავალიანებას ითხოვდნენ და პროტესტიც ამან გამოიწვია, ხოლო ვითარება გამწვავებულა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა გაიგეს გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ოთხი წამყვანი მოთამაშის გუნდიდან გაშვების შესახებ. არ კონკრეტდება, ამ მობურთალებს პროტესტის მოთავეობის გამო უპირებდნენ გაშვებას, თუ სხვა მიზეზი იყო, თუმცა, როგორც ირკვევა, დანარჩენმა ფეხბურთელებმა მათ სოლიდარობა გამოუცხადეს. იყო საფრთხე, რომ “გურია” დაშლილიყო _ როგორც ამბობენ, მთელი გუნდი მზად იყო, გრიგოლეთის ბაზა დაეტოვებინა.
გვიან საღამოს ბაზაზე მივიდა ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე, რომელიც გუნდის ხელმძღვანელებსა და ფეხბურთელებს შეხვდა. სწორედ რაიონის თავკაცთან აუდიენციის შემდეგ მოგვარებულა პრობლემა.
“წინა სეზონში მოთამაშე ფეხბურთელებისადმი სახელფასო დავალიანება მართლაც არსებობს. გამგებელ ზაზა ურუშაძესთან ერთად შევხვდით მათ. უახლოეს დღეებში ეს დავალიანება დაიფარება. გუნდი ახლა შეკრებილია გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე, ბიჭები ვარჯიშობენ. ხვალ ამხანაგურ მატჩს ბათუმის “დინამოსთან” გავმართავთ. ასე რომ, არანაირი “ბუნტი” არ არსებობს,” _ კლუბის დირექტორ კობა მირზაშვილის კომენტარს გამგეობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
კომენტარი ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ზაზა ურუშაძეს ვთხოვეთ:
_ ბატონო ზაზა, მოგვარდა თუ არა “გურიაში” შექმნილი პრობლემა? როგორც გვითხრეს, გუნდი დაშლას თქვენი ჩარევის შემდეგ გადაურჩა.
_ ასეთი არაფერი არ ყოფილა, დაშლაზე ლაპარაკი საიდან მოიტანეს? დავალიანებას ითხოვდნენ, რაშიც მართლები არიან. ფინანსთა სამინისტროდან თანხმობის წერილი გვაქვს _ პროცესი გაიწელა ბანკთან. იმ კვირაში ხელფასები გაიცემა. მე ფეხბურთელებს შევხვდი და ვუთხარი, ვისაც სურვილი არ აქვს გააგრძელოს გურიაში თამაში, შეუძლია წავიდეს. მათ კი პირიქით _ თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ კლუბის წარმატებისთვის, _ გვითხრა ურუშაძემ.
აქვე “გურიის” მზადებაზეც გეტყვით: რამდენიმე დღეც და ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით მახარაძემ ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები, 27 წლის მარცხენა მცველი ზაალ ელიავა და 33 წლის საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი დაიმატა. ნაკრებში უთამაშია გუნდის კიდევ ერთ ვეტერანს, ცენტრალურ მცველს, სევასტი თოდუას, რომელიც გუნდში შარშანაც გამოდიოდა. მათ გარდა, “გურიაში” ვარჯიშობენ მეკარე მიხეილ ალავიძე, რომელმაც “ზუგდიდთან” გამოიჩინა თავი; თბილისის “დინამოს” კაპიტანი ალეკო კოშკაძე, რომელმაც ამ მატჩში პენალტი გამოიმუშავა და ასევე გამოცდილი თენგიზ ჩიკვილაძე. ამჟამად გუნდში სულ 30-მდე ფეხბურთელი ვარჯიშობს, მაგრამ მათგან ვინ დარჩება და ვის გაუშვებენ, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის. სხვათა შორის, ბოლომდე არც ცნობილი მოთამაშეების საკითხია გარკვეული.
მოსამზადებელ ეტაპზე. “გურიამ” 6 მატჩი გამართა, გიგა კვერენჩხილაძის გოლით ქობულეთის “შუქურას”, ხოლო თენგიზ ჩიკვილაძის უზადოდ შესრულებული საჯარიმოთი “ზუგდიდს” მოუგო, ფრედ ეთამაშა აზერბაიჯანის პრემიერლიგელ “სუმგაითს” (0:0) და ჩვენებურ პირველლიგელ ხონის “იმერეთს” (1:1 გამაყაიმებელი გოლი ლაშა ჯანგიძის ანგარიშზეა). ამის მერე “გურია” პირველლიგელ ფოთის “კოლხეთსაც” ეპაექრა. დავით მახარაძე თავის ყოფილ გუნდს შვილის, გუგა მახარაძის გატანილი გოლით უგებდა, თუმცა, საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ლანჩხუთელებმა მეორე მატჩი უკვე საღამოს ურეკში თანაკუთხელებთან გამართეს _ “გურიამ” ოზურგეთის “მერცხალს” 3:2 მოუგო. უმაღლესლიგელთაგან გოლები რევაზ გოცირიძემ, თემურ შარაშენიძემ და გუგა მახარაძემ გაიტანეს. მოკლედ, “გურიაში” მამა-შვილ მახარაძეებს იღბლიანი მისვლა გამოუვიდათ _ უმცროსმა მახარაძემ ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა, ხოლო უფროსს 6 ამხანაგურიდან ერთიც არ წაუგია.
ამჟამად “გურიაში” 30-ზე მეტი ფეხბურთელია, ამ დღეებში გადაწყდება, თუ ვის დაიტოვებს “გურია” საუმაღლესლიგოდ.