ხან სად არიან საჭირო და ხან _ სად… და მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებიც საკმარისია და თურმე, სამუშაოც თავზესაყრელი ყოფილა, წყალი მაინც სანატრელია _ დაბა ჩოხატაურში ათეულობით წელია უწყლობამ უკიდურესად გააწამა ხალხი.
ალბათ, არაფერზე იმდენი ფული არ დახარჯულა რაიონისა თუ ქვეყნის ბიუჯეტიდან და არც ერთ თემაზე იმდენი არ დაწერილა, რამდენიც _ წყალზე, მაგრამ პრობლემა ისევ უცვლელია.
მოდით, კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ წყლის სულ ბოლოდროინდელ ისტორიას: რამდენიმე წლის წინ, გორთაფონიდან წყალი გამოიყვანეს, რაიონის მოსახლეობა რომ მოემარაგებინათ. პროექტი მილიონიანი იყო და ყველაფერი უნდა მოწესრიგებულიყო. შეცვალეს მილსადენის ნაწილი, დადგეს საქლორავი და საფილტრი მოწყობილობა, სოფელ ჩაისუბანში ააგეს 200-ტონიანი ავზი და სამუშაოც დაასრულეს. სპეციალისტები თავიდანვე ეჭვობდნენ, რომ გორთაფონიდან გამოყვანილი მოწანწკარე წყალი, რომლითაც ავზი ივსებოდა, სოფელს არ ჰყოფნიდა და რაიონს ნამდვილად არ ეყოფოდა; წყლის დეფიციტის შესავსებად, პროექტის მიხედვით, წყალშემკრებზე მდინარე კალაშას შეერთებას ფიქრობდნენ, რითაც პრობლემა ნამდვილად მოიხსნებოდა, მაგრამ რატომღაც, პროექტი შეიცვალა. რეალობა კი ამგვარია _ წყალი არც სოფელს ყოფნის და არც დაბას…
რამდენიმე ხნის წინ, სოფელ ხიდისთავში, მდინარე გუბაზეულის მახლობლად, ჭაბურღილი გააკეთეს, იმ იმედით, რომ ეს მოხსნიდა პრობლემას. არადა, ეს კიდევ ახალ ტენდერს, კიდევ ახალ დაპირებებს ნიშნავს, რაც არავინ იცის, რა შედეგით დამთავრდება. წყალმომარაგების მესვეურები ამბობენ, რომ სოფელ ხიდისთავს 16 საათის განმავლობაში აწვდიან წყალს, მაგრამ სოფელს წყალი მოუწესრიგებელი შიდა ქსელის გამო არ ჰყოფნის, ეს კი მათი სამსახურის კომპეტენციას სცილდება.
ამ ჭაბურღილთან ახლოსაა წყლის მთავარი მაგისტრალი, რომლითაც წყალი ჯერ სოფელ ჩაისუბნის წყალშემკრებ ავზში უნდა შეგროვდეს, მერე კი დაბას მიეწოდოს და მხოლოდ მიერთებაღაა საჭირო.
ჩაისუბნის ავზზე, წყალმომარაგების კომპანიის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომლების თქმით, სისტემატურად მოწმდება წყლის ვარგისიანობა: _ ჩვენ 15 დღეში ერთხელ ავდივართ და ვაკონტროლებთ ფილტრაციის მუშაობას. ახლა სერიოზული საქმეებით ვართ დაკავებული, ჩოხატაურში სამ ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს წყლის მილების შეცვლა და ეს უნდა მოხდეს მთელი დაბის მასშტაბით, _ გვითხრეს კომპანიაში.
თუმცა, ჯერ ისევ გაურკვეველია, გამოიცვლება თუ არა სოფლებში შიდა ქსელი, საკმარისი იქნება თუ არა წყლის დებეტი სოფლებისთვისაც და დაბისთვისაც, იქნება თუ არა სასმელად ვარგისი წყალი, აგებსთუ არა ვინმე პასუხს იმ მილიონების წყალში გადაყრის გამო, რომელიც სხვადასხვა დროს ქრებოდა ბიუჯეტიდან.