შიხიაშვილის განცხადებით, დედაქალაქის სახეცვლილი ბიუჯეტის პრიორიტეტი ავარიული სახლების რეაბილიტაციაა. მისი თქმით, დედაქალაქში 300-ზე მეტი ავარიული ნაგებობაა, რომელთა მოუვლელობა 50-ათასზე მეტ თბილისელს უსახლკაროდ დატოვებს.
“თუ გავამაგრებთ, შედეგად მივიღებთ იმას, რომ მინიმუმ, 35-40 წელი ბინები გადარჩება,” _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
მისი თქმით, აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოებს მხოლოდ ტენდერის გზით შერჩეულ კომპანია ჩაატარებს.
“9 წლის განმავლობაში ყველა ხედავდა, რომ ამ ქალაქში იზრდებოდა სახლების ავარიულობა, ადგილობრივ თვითმართველობას გამოჰყავდა ეს ოჯახები ქირით, გარკვეული პერიოდი უხდიდა შესაბამის თანხას, მაგრამ საბოლოოდ მოსახლეობის ეს ნაწილი მაინც ღვთის ანაბარა რჩებოდა, ან იჭრებოდნენ კონკრეტულ ფართებში და არანორმალურ პირობებში აგრძელებდნენ ცხოვრებას,” _ აცხადებს შიხიაშვილი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამხანაგობის პროგრამისთვის ბიუჯეტში 24 მილიონია დარჩენილი და დაახლოებით 8 მილიონის რესურსი კიდევ არსებობს.
“ინფორმაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების შემცირების შესახებ შეგნებულად გაავრცელეს, თითქოს საკრებულომ მოსახლეობის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. სინამდვილეში ეს თანხა “ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს ხმარდებოდა. ამ ფულით დაატარებდნენ ამხანაგობების თავმჯდომარეებს და უტარებდნენ სემინარებს. ახლა კი, ეს წამახალისებელი თანხები დააკლდებათ. ჩვენ 20 მილიონი ლარი მოვაკელით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, რომ დრულად დაგვეწყო ავარიული სახლების შესწვალა,” _ განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ავარიულ სახლებთან ერთად, 2015 წელს თბილისში დაგეგმილ ოლიმპიადაზეც ისაუბრა. მისი თქმით ქალაქი ამ საპასუხისმგებლო ღონისძიებისთვის ღირსეულად უნდა მოემზადოს.