ბრიფინგის მთავარი თემა იყო აფხაზეთის მთავრობის საბჭოში არსებული პრობლემები. მებონიას განცხადებით აფხაზეთის მთავრობაში დღესაც 1990 წელს არჩეული დეპუტატები მუშაობენ და 23 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 ახალი კანონია მიღებული.
გელა მებონია: “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში, 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ტერიტორიას, არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ახორციელებს ამ კანონით და დადგენილი წესით მინიჭებულ უფლებამოსილებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც დაკომპლექტებულია არა უმეტეს 25 დეპუტატისგან და არის აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და დღეს, როცა აფხაზეთი ჯერ კიდევ დასაბრუნებელია, აფხაზეთის საბჭოში კრიზისია.
ყველას გახსოვთ 2013 წლის 7 ივნისის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიამ, რომელსაც 25 დეპუტატისგან, მხოლოდ 13 რომ ესწრებოდა, თხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტს შეიტანოს ცვლილებები თავის რეგლამენტში, რომლის მიხედვით საბჭოს ექნება უფლებამოსილება, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტთან შეუთანხმებლად, ყოველგვარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მიიღოს ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებები. გარდა ამისა, საბჭოს კომისიებში დეპუტატების ახლებური გადანაწილება მოხდა, რის შედეგადაც საკონსტიტუციო საპროცესო საკითხთა კომისიაში უმრავლესობა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მომხრე აღმოჩნდა. შედეგი სახეზეა _ ეს კომისიაც, მათი მონა და მორჩილი გახდა.
რა ხდება, ბატონებო, მათი მფარველი “ნაცების” მზის ჩასვენების მერე, მათთვის ისე ბნელა, რომ ჰგონიათ, ვერავინ ხედავს მათ შავ-ბნელ საქმეებს და პასუხს არავინ მოსთხოვს ?
თუ კარგად გააანალიზებთ მიმდინარე მოვლენებს, ნახავთ, რომ კრიზისი აფხაზეთის მთავრობაში ხელოვნურად არის გამოწვეული. დაინახავთ, რომ იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ნაცმოძრაობის საპარლამენტო გუნდის მხრიდან იმართება, მათი საერთო მიზანია, არსებული კრიზისის, კიდევ უფრო გაღრმავება ან დროში გაწელვა, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე და მუდმივი დაძაბულობის კერის შენარჩუნება.
საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ ცდილობს ნაცმოძრაობა აფხაზეთის მთავრობაში საკუთარი დასაყრდენის შენარჩუნებას და სწორედ ამიტომ არის , რომ საბჭოს შემადგენლობაში, დღემდე შედიან ის დეპუტატები, რომლებიც 1990 წელს აირჩიეს. ისინი უკვე 23 წელია იმავე თანამდებობებზე მუშაობენ და იღებენ საკმაოდ მაღალ ხელფასს, 2000 ლაზე მეტს, გარდა ამისა სარგებლობენ უამრავი პრივილეგიით, ხოლო რაც შეეხება საქმეს, არაფერს აკეთებენ! აფხაზეთის კანონმდებლობაში 23 წლის განმავლობაში, სულ 2 ახალი კანონია მიღებული. აი, ამას უნდა აპროტესტებდეს და ამ საქმეზე ფიქრობდეს დევნილთა მინისტრი, დარახველიძე და არა იმაზე, თუ როგორ დატოვოს დევნილთა ნაწილი კუთვნილი სახელმწიფო 28 ლარიანი დახმარების გარეშე, გახსოვთ ალბათ დევნილთა მინისტრის განცხადება, მისი თქმით, თურმე, საქართველოში მცხოვრები 1800 დევნილი თვეში 40 000 ლარს იღებს, 10 000-ზე მეტი კი 20 ათასიდან 30 ათას ლარამდე.
სად ნახეთ, ბატონო დარახველიძე, ასეთი შემოსავლების მქონე დევნილები ან თუნდაც, მართლაც რომ არსებობდეს თითო-ოროლა მაღალი ხელფასის მქონე დევნილი, რატომ არ უნდა მისცე კუთვნილი დახმარება, რა, აფხაზეთში დაკარგული და დატოვებული სახლ-კარი დაუბრუნე თუ რა გაუკეთე საიმისო, რომ დახმარება შეუჩერო? დარახველიძე ამბობს, რომ თურმე დევნილთა გარკვეულ კატეგორიას ეს 28 ლარიანი დახმარება, არაფერში სჭირდებათ, და თურმე, გამოთავისუფლებული ფული, იმ დევნილებისთვის უნდა, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, ალბათ ამ გამონთავისუფლებული ფულით აპირებთ იმ ერთი ტელევიზორის ყიდვას, სადმე ერთ ოჯახში რომ მიიტანთ და მთელი ტელევიზიები ამ ამბავს აშუქებენ, აფხაზეთის საბჭოს დეპუტატების ხელფასების და პრივილეგიების შემცირება მოითხოვეთ, ბატონო მინისტრო და ისედაც გაჭირვებულ ხალხს, კიდევ უფრო ნუ ანერვიულებთ ასეთი გადაწყვეტილებებით.
დაიღალა ხალხი, საზოგადოებას აღიზიანებს ძველი კორუფციონერების არაფრისმომცემი დაპირებები და ტრაფარეტული სიტყვები, საჭიროა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელშიც მხოლოდ დევნილი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას და საჭიროა შეიცვალოს აფხაზეთის მთავრობის დღევანდელი შემადგენლობა, თორემ დღეისათვის, აფხაზეთის მთავრობა დეპუტატთა ერთი ჯგუფის მიერ გადაქცეულია კერძო საკუთრებად.
ეს უნდა დამთავრდეს! უნდა აღიკვეთოს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრის უკანონობა და ეს უნდა დაიწყოს, ვახტანგ ყოლბაიას საქმით.
ბატონი ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს ამა წლის 8 აპრილის დადგენილებით, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე დაინიშნა აფხაზეთის მთავრობის პირველ პირად, რითიც დაირღვა “საქართველოს პარლამენტის მერვე მუხლის პირველი პუნქტი”, თუ დავამატებთ იმასაც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ოფიციალური წერილით უარი განაცხადა ყოლბაიას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნაზე, აშკარაა საქმე გვაქვს სერიოზულ კანონდარღვევებთან.
მე იმედი მაქვს და სამართლიანობაც ამას მოითხოვს, რომ აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დატოვონ ისედაც მიტოვებული თანამდებობები და საშუალება მისცენ ხალხს გააკეთონ ახალი არჩევანი უკეთესი მომავლისთვის.
არ დაგვავიწყდეთ, აფხაზეთი ჯერ კიდევ დასაბრუნებელია, ბატონებო! საჭიროა ჭკვიანური ტაქტიკა, ახალი ძალა, ახალი კარდი და ერთობა, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა და ნდობა, დევნილების განწყობა კი კარგად ჩანს მათ მიერ გამართულ აქციებზე, ისინი იძულებულნი გახდნენ ქუჩაში გამოსულიყვნენ, ეყვირათ და ისე მოეწვდინათ თქვენთვის ხმა, რადგან თქვენ არ უსმენთ თქვენს ხალხს. გაფრთხილებთ, ეს შეიძლება გახდეს საზოგადოებაში უმართავი პროცესების დასაწყისი, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დაგეკისრებათ. სწორედ ამიტომ, ყველა ის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დროს, ჩააყენეთ ერთნაირ პირობებში.
ბატონებო! მოუსმინეთ თქვენს ხალხს და გაიგებთ, რომ ისინი, თქვენს საქმიანობას აფასებენ ნული ქულით, ისინი იმასაც ამბობენ, რომ თქვენ დევნილები მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როცა გრანტები და საერთაშორისო დახმარებები შემოგაკლდებათ.
ბატონებო! ახლა ნამდვილად არ არის სკამებზე ჩაბღაუჭების და საკუთარი თავის გადარჩენის დრო, ახლა დროა საქართველო და აფხაზეთი გადავარჩინოთ, ახლა დროა საკადრო ცვლილებების და სამოქალაქო დიპლომატიის გაძლიერების.”
(R)