მიხეილ გოგოტიშვილი: ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე, მხარდამჭერებზე, ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ზეწოლა. ეს გრძელდება და გამოიხატება იმით, რომ ოთხი თვის განმავლობაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძლიერ თვითმმართველობას“ არ ჰყავს კანონით მინიჭებული სპეციალისტი, რომელიც უნდა ჰყავდეს და მოემსახუროს. ასევე არ იღებს ხარჯებს, რომელიც ფრაქციისთვის არის გამოყოფილი და ზუსტად ეს არის ჩვენი მისამართით ზეწოლა. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება არსებობს 119 და 120, რომელიც ითვალისწინებს, ფრაქციამ მიიღოს ხარჯები.
_ კონკრეტულად რა ხარჯებზეა საუბარი?
_ ეს არის ტრანსპორტირების ხარჯები, სატელეფონო მომსახურების ხარჯები, ის, რითაც სარგებლობს საკრებულოს ხუთივე ფრაქცია. რაც შეეხება სპეციალისტს, ჩვენი ფრაქციის გარდა, ყველას ჰყავს. ის უზრუნველყოფს ფრაქციის სხდომების ჩატარებას, ოქმების შედგენას, ფრაქციის წევრების გაფრთხილებას და ა.შ.
_ საკრებულოს თავმჯდომარისგან რა პასუხს იღებთ?
_ ავთანდილ სურგულაძე სიტყვიერად გვეუბნება, რომ თანხას მივიღებთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერიც არ მიგვიღია.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დანარჩენი ფრაქციის წევრებმა მიიღეს ანაზღაურება?
_ რა თქმა უნდა, ჩვენი ფრაქციის გარდა, ყველას აქვს აღებული ფრაქციის ხარჯები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ავთანდილ სურგულაძის თქმით, მას მიხეილ გოგოტიშვილმა ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკვე მიმართა.
_ მიშიკომ უკვე მომმართა და ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება გაკეთებული, აუცილებლად მიეცემა ფრაქციის ხარჯები.
_ სხვა ფრაქციებს მიღებული აქვს?
_ ალბათ, მიიღებული აქვს, _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ავთანდილ სურგულაძემ.