_კარიერებში, სადაც ქვიშა-ხრეშის ამოღება ხდება, შექმნილია საგანგაშო მდგომარეობა, ეს კარიერები ბარბაროსულად მუშავდება და მისი არასწორი ექსპლოატაციის გამო, სახიფათო მდგომარეობაა შექმნილი, _ განაცხადა საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ სურგულაძემ.
განსაკუთრებით ბევრი კარიერია მდინარე ნატანებზე, სადაც მიმდებარე ტერიტორიები წყალმა უკვე შთანთქა.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმების უმრავლესობით დაამტკიცეს საკრებულოს განკარგულება “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქვიშა-ხრეშის მომპოვებელი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ”. როგორც სურგულაძემ განაცხადა, ამ ჯგუფს სერიოზული სამუშაო აქვს შესასრულებელი და ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.