ამ მიზნით ისინი რაიონის გამგეობაში მივიდნენ და გამგებელთან შეხვედრა მოითხოვეს. დევნილები გაზის გაყვანას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, მაგრამ გამგებელმა შეხვედრაზე მყოფები დევნილთა სამინისტროში გადაამისამართა. უკმაყოფილო მოსახლეობამ დატოვა გამგეობის შენობა და განაცხადა, რომ აფხაზეთიდან დევნილები ყურადღების გარეშე არიან მიტოვებულნი.
“ჩვენ შევქმნით საინიციატივო ჯგუფს და აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას. ამ შენობაში 60 ოჯახი ვცხოვრობთ, პატარა ბავშვები და ავადმყოფი მოხუცები გვყავს. საშინელ პირობებში ვართ. მალე ზამთარი მოვა და წარმოდგენაც არ გვინდა, რომ კიდევ უფრო როგორ დამძიმდება ჩვენი ყოფა. გვეყო ამდენი დამცირების ატანა, დროა ხმა ამოვიღოთ, ან დაგვაბრუნონ სახლებში, ან ყურადღება მოგვაქციონ,” _ აცხადებენ დევნილები.
“გურია ნიუსმა” რაიონის გამგებელს ნოდარ სანდუხაძეს აღნიშნულ შეხვედრაზე კომენტარი სთხოვა.
ნოდარ სანდუხაძე: “პირველ რიგში, დევნილთა სამინისტრომ უნდა მოახდინოს ამ ხალხის იდენტიფიცირება, განსაზღვროს პოლიტიკა, თუ როგორ უპირებს მათ დახმარებას. თუ გადაწყდება, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყების შენობა გადაეცემათ მათ საკუთრებაში, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება იმ შენობაში შესაბამისი უზრუნველყოფების საკითხი. პირველ რიგში, საკუთრების საკითხია გადასაწყვეტი დევნილთა სამინისტროს მიერ.”