აქვე, მეზობელი აჭარის სოფელ ლეღვაში კი, კილოგრამ “გულშიშველას” ორ ლარად უპრობლემოდ იბარებენ. რა თქმა უნდა, ესეც დაბალი ფასია, მაგრამ აქ კარგად ჩანს თხილის ფასის ხელოვნურად დაგდების “ოზურგეთული ფანდი”, რასაც დიდი ხნის ისტორია აქვს.
თხილის წლევანდელი მოსავალი საქართველოში უხვია, თურქეთში კი _ ნაკლები. გავრცელებული ინფორმაციით, ასეთმა ვითარებამ და ამ საკითხისადმი მთავრობის მიერ წაყრუების პოლიტიკამ გზა და მადა ერთნაირად გაუხსნა თხილით მოვაჭრე მსხვილ კომპანიონებს. თხილის ფასის კლება მისი უხვი მოსავლიანობის მომიზეზებით ხდება, სინამდვილეში კი მეთხილე ბიზნესმენებს, “გაჯერებული ბაზრის” ტერმინის მოშველიებით, გლეხისთვის თხილის, რაც შეიძლება იაფად შოვნის მომენტი დაუდგათ.
“გურია ნიუსი” თხილის ფასის კლებასთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს კონსტანტინე შარაშენიძეს ესაუბრა:
_ ბატონო კოტე, თხილის ფასის კლებასთან დაკავშირებით, ხალხი უკიდურესად აღშფოთებულია. ამბობენ, რომ ამ საქმეს ვერა და ვერ მიხედა ხელისუფლებამ, მიუხედავად წინასაარჩევნო თუ შემდგომი შეპირებისა. ჩაერევით თუ არა აქტიურად ამ საქმეში, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, საქართველოში თავისი ადგილი მიუჩინოს, როგორც მოსახლეობა უწოდებს, “თხილის მაფიას” ?
_ ეს მთლად ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ ვეცდები, გავარკვიო, რა ხდება და გულისყურით მოვეკიდო ამ საქმეს. მესმის ხალხის გულისწყრომა და გაბრაზება. თხილი ბევრისთვის ერთადერთ შემოსავლის წყაროა და არ შეიძლება, ისიც მუქთად წაართვას ვინმემ. ვეცდები, მივხედო ამ საქმეს, _ გვითხრა შარაშენიძემ.