შესაბამისად, “საქართველოს გზის” საპატიო თავმჯდომარეს არა უგვიანეს 5 სექტემბრის 16 საათისა ზუსტად ეცოდინება, დარეგისტრირდება თუ არა ის საპრეზიდენტო კანდიდატად. ზურაბიშვილის განცხადებით, არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის იურიდიული საფუძველი.
“რეალური კანდიდატები და რეალური არჩევანი სხვადასხვა ორიენტაციას შორის დღეს არის ძალიან შეზღუდული და მე ვიბრძვი ამ შემთხვევაში არა მარტო ჩემი კანდიდატურისათვის, არამედ მე ვიბრძვი იმისათვის, რომ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ იმ ღირებულებებს, რისთვისაც მე ვარ ჩაბმული ამ ბრძოლაში, ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება. თუ მე ვერ წარვდექი ამ შეჯიბრში, მათ არ მიეცემათ ამის საშუალება და, ალბათ, სახლში დარჩებიან, რაც საქართველოსთვის ძალიან ცუდია”, _ უთხრა სალომე ზურაბიშვილმა რადიო “თავისუფლებას”.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, მიზანშეწონილობის გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატად მის რეგისტრაციას უზრუნველყოფს კანონიც. სწორედ ამიტომ პარტია “საქართველოს გზის” ლიდერი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ხელისუფლების ცალკეულ წევრთა აზრს, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ, კონსტიტუციის შესაბამისად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პიროვნება არ შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილს უარი უნდა ეთქვას პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.
მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუმცა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, ერთმანეთისგან განსაცალკევებელია პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად და პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის საჭირო მოთხოვნები, მით უფრო, რომ საარჩევნო კოდექსში კანდიდატის მოქალაქეობაზე არაფერია ნათქვამი.