როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდი იუწყება, უარის თქმის საფუძველია კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი დებულებები:
ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-2 მუხლის „ო” პუნქტის თანახმად, პასიური საარჩევნო უფლება არის საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.
ბ) ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ” პუნქტის თანახმად „პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც აკმაყოფილებენ კოდექსით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება”, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა”.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე ანალოგიური მოტივით უარის თქმის პირველი შემთხვევა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის, უარი ეთქვა ორ კანდიდატს. ერთი შემთხვევა გასაჩივრდა სასამართლოში და სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილება.