ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, არაკომპეტენტურია.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 სექტემბერს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. არგუმენტად კი მისი ორმაგი მოქალაქეობა დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ქეთევან კრაწაშვილი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად დაუსაბუთებელს უწოდებს და განმარტავს: “ორმაგი მოქალაქეობის არქონა არ არის სავალდებულო მოთხოვნა პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. ეს არის სავალდებულო უკვე არჩეული პრეზიდენტისათვის, რომელიც ემზადება ფიცის დასადებად ინაუგურაციაზე. პრეზიდენტობის კანდიდატობიდან პრეზიდენტობამდე არის გასავლელი ძალიან დიდი გზა, საკმაოდ ბევრი პროცედურები და, ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის არჩევნებში გამარჯვება. ასე რომ, ამ ორი ცნების ერთმანეთთან გაიგივება არის უკანონო”.
თუმცა სხვაგვარი ახსნა აქვთ კონსტიტუციონალისტთა ნაწილს: “საქართველოს კანონმდებლობა, არც კონსტიტუცია და არც საარჩევნო კოდექსი პირდაპირ არ მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. თუმცა, კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი პირდაპირ აფიქსირებს, რომ საქართველოს პრეზიდენტად, პრემიერ-მინისტრად, პარლამენტის თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ნონსენსია, როდესაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დარეგისტრირდება და მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი,” _ განმარტავს ავთანდილ დემეტრაშვილი.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებას და შემდგომში ამ უმაღლესი თანამდებობის დაკავებას მიუღებლად მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც: “გამოვრიცხავ, არ შეიძლება! დავუშვათ, რომ მისცეს უფლება, იყაროს კენჭი და შემდგომში გაიმარჯვოს, ამ ორ ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეც ისაა, რაიმე დაპირისპირება რომ დაიწყოს, ვთქვათ ომი, სად უნდა იომოს?! ორმაგ მოქალაქეობას დიდი ქვეყნები იტანს, მაგრამ ასეთ ერთ ციცქნა ქვეყანაში არ შეიძლება. ორი სამშობლო შეიძლება გქონდეს?! გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილს ეს პრობლემაც რომ არ ჰქონოდა, მაგის პრეზიდენტობა ანეკდოტი იქნებოდა _ ქართული არ იცის. ასე როგორ შეიძლება?!
მიკვირს, ამ იურისტებს რა დაემართათ, რომ ამბობენ, პრეზიდენტი როცა გახდება, მერე იტყვის საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარსო. ეს ხომ ასე ადვილი არაა? იქნებ, იმ ქვეყანამ უარი უთხრა, მერე დაიწყებს გასაჩივრებას?!
სამართლიანი გადაწყვეტილება იყო სასამართლოსი და ვფიქრობ, ასე უნდა დარჩეს,” _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ცინცაძე.