ამის შესახებ მინისტრმა დღეს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
“გუშინწინვე მივმართე ვენეციის კომისიას და ვთხოვე, დაჩქარებული წესით განიხილოს ქალბატონ სალომეს წუხილი, იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს კონსტიტუციის ის ორი მუხლი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და თუ მას აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც ვერ იქნება, პრეზიდენტი. ქალბატონ სალომეს კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ კანონი არ მიკრძალავს კანდიდატობის უფლებასო. მან ითხოვა დამაკავშირეთ ვენეციის კომისიასთანო და რადგანაც კერძო პირს ამის უფლება არ აქვს, ჩვენ იმავე დღეს დავაკმაყოფილეთ მისი მოთხოვნა. მთავრობის და პრემიერ-მინისტრის პირადი პოზიციაა, რომ ყველა კანდიდატს შევუქმნათ კომფორტული პირობები, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რაც ჩვენზეა დამოკიდებული,” _ განაცხადა მინისტრმა.
“საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 5 სექტემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართა:
“გთხოვთ, დამატებითი განმარტებებისთვის მიმართოთ ვენეციის კომისიას, რომელიც აგრეთვე მზად არის შეაფასოს, რამდენად მართებულად ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ქვეყნის უმაღლესი კანონის _ კონსტიტუციის დაცვა და განმარტება, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ”, _ აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში.
წულუკიანის თქმით, ვენეციის კომისიის პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.