ის ამ თანამდებობაზე არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, სოკის 125-ე სესიაზე აირჩიეს. ტომას ბახი სოკს მომდევნო 8 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, 2021 წელს, უფლება ექნება პრეზიდენტობის კიდევ ერთ, ამჯერად უკვე 4-წლიან ვადაზე იყაროს კენჭი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის პოსტზე ტომას ბახი ბელგიელ ჟაკ როგეს შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე 12 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ბახის გარდა, სოკის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინელი სერგეი ბუბკა, პუერტორიკოელი რიჩარდ კერიონი, ტაივანელი ჩინგ კუო ვუ, სინგაპურელი სერ მიანგ ნგი და შვეიცარიელი დენის ოსვალდი მონაწილობდნენ.
“თქვენი მხარდაჭერით ძალიან ბედნიერი ვარ! საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობისას, ვეცდები ორგანიზაცია გახდეს ერთიანი და მრავალფეროვანი – ეს ჩემი მთავარი მიზანია”! – განაცხადა 59 წლის ბახმა, რომელიც სოკის 119-წლიან ისტორიაში ორგანიზაციის მეცხრე პრეზიდენტია.
ბახი წლების მანძილზე კომპანია ადიდასის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, 1991 წელს კი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაწევრიანდა და მას შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობაც ეკავა.
ბახი ოლიმპიური ჩემპიონიცაა: 1976 წელს, მონრეალში, მოფარიკავეთა ნაკრებთან ერთად მოიგო ყველა სპორტსმენისთვის საოცნებო ჯილდო. ერთი წლის შემდეგ, 1977 წელს ბუენოს აირესში ბახმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფოტო: REUTERS.com