კოალიციური პროექტის “სოფლის განვითარების პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობა ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფებისა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დიალოგის გააქტიურების მეშვეობით” ფარგლებში. ღონისძიებაში ოზურგეთელი ფერმერები და სხვადასხვა სათემო კავშირის წევრები მონაწილეობდნენ.
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ ვაშაკიძემ მცირე ექსკურსი მოაწყო და გამოიკითხა გურიაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა კახა ნადირიძემ კი ისაუბრა პროექტზე, “თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვისა და და ხელმისაწვდომობის საკითხები”, რომელიც ევრაზიის ფონდის მიერაა დაფინანსებული. თემამ ფერმერთა შორის სერიოზული დისკუსია გამოიწვია.
“თურქული ბაზარი ქართული პროდუქტისთვის დაკეტილია, ქართული ბაზარი კი ავსებულია თურქული ნაწარმით… რატომ?” “ქართული პროდუქცია ქართულმა ბაზარმაც კი დაივიწყა… რატომ?” “სოფლის მეურნეობაში ინვესტირების მიზნობრიობა არ ხდება და დასეტყვილი მოსავლის საკომპენსაციოდ მიღებული თანხით გლეხი კარმიდამოს განახლებაზე კი არ ფიქრობს, მანქანას ყიდულობს… რატომ?” “გურიაში, უკვე მერამდენე წელია, მანდარინის ბაღები შეუწამლავია, ტონობით გაუსაღებელ მანდარინს კი ადამიანები სანაგვეზე ყრიან, თუმცა, კახეთისგან განსხვავებით, ამის კომპენსაცია არავის უცდია… რატომ?” “რატომ გვატყუებენ, თითქოს, სახელმწიფომ დაიწყო იაფი კრედიტის გაცემა, რაც სრული ბლეფია და შენს თხილს, მანდარინს, სკას თუ ძველსა და ახალ ავეჯს მხოლოდ მაშინ ითვლიან კაკალ-კაკალ, თუ სოციალურად დაუცველი ხარ და დახმარების დანიშვნას ითხოვ, ხოლო სესხის მოთხოვნის შემთხვევაში, ეს ყველაფერი უმნიშვნელო ან ძალიან იაფად შეფასებულია… რატომ?”
აღნიშნული უმწვავესი კითხვების ირგვლივ, დისკუსიის მონაწილეებმა დასკვნა თავად გამოიტანეს _ თუ სოფლის მეურნეობის დაკრედიტების გარანტად სახელმწიფო არ დადგა, არც ერთი აღნიშნული საგანგაშო პრობლემა არ გადაიჭრება! კახა ნადირაძის განმარტებით, “სახელმწიფო კი დგას გარანტად, მაგრამ ცრუობენ ბანკები! იქ მივდივართ, როგორც კერძო პირი, თუმცა სესხის გამოტანის მსურველი კარგად არ არის გარკვეული საკუთარ უფლებებსა და შესაძლებლობებში, რის გამოც ბანკი ახერხებს მის მოტყუებას! ითხოვენ ბიზნესგეგმას, რომლის დაწერა თავად არ იციან და გლეხს უყენებენ პირობას, რომ ის დაწეროს! ჯერჯერობით, გლეხისთვის არ არსებობს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი სესხი, რომელიც მის მეურნეობას სასიკეთოდ შემოაბრუნებს!”
ამ სავალალო რეალობის ირგვლივ დასმულ კითხვას, რატომ დავდივართ ოცი წელი მოჯადოებულ წრეზე, შეკრებილმა ფერმერებმა თავად უპასუხეს _ არა და არ შეიქმნა მენეჯმენტის სწორი სამოქმედო ხაზი და პირობები! ფაქტი სახეზეა _ ისეთი პატარა ტერიტორიის მქონე ქვეყნები, როგორიც უდაბნოებიანი ისრაელი, უმზეო ისლანდია თუ ნაკლებმიწიანი ჰოლანდიაა, რომელიც ზღვას სტაცებს ხმელეთის თითოეულ გოჯს, ჰყვავის და მათი მიწა რენტაბელურია, ჩვენი დალოცვილი მიწა კი _ მუდამ დოტაციაზე მყოფი!
თამაზ ვაშაკიძემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ “ახლახან შექმნილი გურიის განვითარების სტრატეგიული გეგმა სერიოზული და საუკეთესო დოკუმენტია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შედგენილი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა კი _ სუსტი!”
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს გაზეთ “კარმიდამო ჩემის” თვალსაზრისი და შენიშვნები არსებულ პრობლემებზე, რის შემდეგაც ყველა ერთად შეთანხმდა იდეაზე _ შეიქმნას გურიისთვის რეალური დახმარების გეგმა. დავიწყოთ გურიიდან. ეს იქნება საფუძვლიანი, სერიოზული პროექტი, რომელსაც საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს გაზეთი “კარმიდამო ჩემი”.
ცნობილმა მეფუტკრემ ჯანვერდ ცეცხლაძემ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კარგია და რეალობასთან ახლოს მდგარი იდეაც შესანიშნავი, მაგრამ მაინც სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა და მიდგომაა მთავარი: _ თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარა, რამდენიც უნდა ვიფართხუნოთ, ვერაფერს ვიზამთ!
ბატონმა ჯანვერდიმ ამის საილუსტრაციოდ კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა: _ არსებობს დამღუპველი ცალმხრივი კონტრაქტის სისტემა! თურქეთიდან შემოდის ფალსიფიცირებული თაფლი, ძალიან ლამაზი შეფუთვითა და მაღალი ფასით. ჩვენთან კი თაფლის მდინარეებია და გასაღების ბაზარი არ არსებობს!
აღსანიშნავია, რომ ჯანვერდ ცეცხლაძის გულისტკივილი ჩვენი მეფუტკრეების საერთო საწუხარია. “კარმიდამო ჩემის” არა ერთი მეფუტკრე რესპონდენტი აღნიშნავს, რომ თურქები საქართველოში იაფად ყიდულობენ თაფლს, მერე კი მისი ფალსიფიცირება, შეფუთვა და კვლავ ჩვენთან შემოტანა ხდება!
საბოლოოდ შეხვედრის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ დრო არ ითმენს და უნდა მოხდეს ფერმერთა საყოველთაო მობილიზაცია გურიის განვითარების სტრატეგიული ხაზის გასწვრივ, კონკრეტულად კი სოფლის მეურნეობის აღსადგენად და განსავითარებლად.